ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პუტინმა უკრაინელი ხალხი სათანადოდ ვერ შეაფასა".
“ორი წლის წინ, პუტინმა 180 000 ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან შეკრიბა. მას სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა და ფიქრობდა, რომ კიევში ტანკების კოლონის გაგზავნით, დემოკრატიულად არჩეულ უკრაინის მთავრობას დაამხობდა. ასევე, მოლოდინი ჰქონდა, რომ ნატოს დასუსტება და რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენა შეეძლო, თუმცა მან უკრაინელი ხალხი სათანადოდ ვერ შეაფასა. ორი წლის განმავლობაში, 50-ზე მეტი პარტნიორისგან შემდგარი კოალიციის მხარდაჭერით, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, უკრაინელი ხალხი ურყევად იბრძვის ათჯერ უფრო დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მოსახლეობაც ასევე სამჯერ დიდია და რომლის სამხედრო რესურსიც, ერთ დროს, მსოფლიოში მეორე საუკეთესო ძალად აღიქმებოდა. ორი წლის შემდეგ, პუტინმა, არა მხოლოდ ვერ შეძლო უკრაინის დამორჩილება და იმპერიალისტური სწრაფვის სისრულეში მოყვანა, მისმა შეჭრამ უკრაინის სუვერენიტეტი გააძლიერა - სწორედ ის სუვერენიტეტი, რომლის წაშლასაც ცდილობდა. ამასთან, გააძლიერა ნატო და სანამ ის ალიანსის შესუსტებაზე ფიქრობდა, მისმა ქმედებებმა ნატო-ში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოთა რიგები გაზარდა", - აღნიშნა დავოსში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა.
მისივე თქმით, "მამაცმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა იმ ტერიტორიების ნახევარზე მეტი დაიბრუნეს, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა ომის დასაწყისში შეძლო".
"უკრაინელებმა სასტიკად გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და მკვეთრად გაზარდეს უკრაინის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. რუსმა სამხედროებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს და ათწლეულების მანძილზე ნაშენები ძირითადი შესაძლებლობები გაუნადგურდათ. ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, გააძლიერა საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. ჩინეთის დახმარებით, პუტინი, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მობილიზებას ცდილობს და მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე, ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას არღვევს, რომელსაც თავად მოსკოვმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენთან აღნიშნა და როგორც ჩვენი შეხვედრის დროსაც აღინიშინა, უკრაინელი ხალხი ბრძოლისთვის მზადაა. შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები კი, მათ გვერდით დგომას გააგრძელებენ. ჩვენ ვაფართოვებთ უკრაინის ჯარების წვრთნის მასშტაბს, ვმუშაობთ ორპარტიული მხარდაჭერის ურზუნველყოფაზე, რათა უკრაინას მისთვის საჭირო იარაღი მიიღოს. ვაძლიერებთ უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზას, რუსეთს კი, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საშუალებებზე წვდომას ვუზღუდავთ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დიპლომატიურ დახმარებასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად",- განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეილ სალივანმა.
0 კომენტარი