აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ყატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავარ პრიორიტეტებს შორის, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა, მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, მძევლების გათავისუფლება და კონფლიქტის გაფართოების რისკის აღმოფხვრა დაასახელა. მისი თქმით, ღაზაში თავდასხმებს "ბევრი მშვიდობიანი, უდანაშაულო პალესტინელი ემსხვერპლა".
“ბოლო ორი დღის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე განვიხილავთ საერთო ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უკეთ დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში და მათ მეტი ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ. ასევე, დარჩენილი მძევლები გავათავისუფლოთ და ისინი სახლში დავაბრუნოთ. ყატარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში, რის შედეგადაც, 100-ზე მეტი მძევლის, მათ შორის, ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლება და ამასთან, ბრძოლების დროებით შეჩერება მოვახერხეთ. ამან შესაძლებლობა მოგვცა ღაზაში, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი გამორმაგებულიყო. ძალიან ბევრი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, უმეტესად ბავშვები განიცდიან არასაკმარის ხელმისაწვდომობას საკვებზე, წყალზე, მედიკამენტებზე და სხვა აუცილებელ პროდუქტებზე. ძალიან ბევრი მშვიდობიანი, უდანაშაულო პალესტინელი უკვე მოკლეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ ისრაელმაც მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და "სხვებთან ერთად, მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცეს ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას".
"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შესაძლოა 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩენილიყო, იფიქრებდა მხოლოდ ერთზე- დარწმუნებულიყო, რომ მსგავსი რამ მომავალაში არასოდეს განმეორდება. როგორც თავად "ჰამასის" ლიდერებმა განაცხადეს, თუ შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევ გაიმეორებენ 7 ოქტომბერს, რაც არცერთი ქვეყნისთვის, არც ისრაელისთვის და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვისაა მისაღები. როგორც პირველი დღიდანვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, რომ ამ ძალიან რთულ გამოწვევასთან გამკლავებისას, ოპერაცია გაგრძელდეს ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იყოს დაცული და მათ საჭირო დახმარება მიიღონ", - განაცხადა მედიასთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების დაცვაც წარმოადგენს.
“ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გაფართოვდეს. ჩვენ ასევე ვიზიარებთ ვალდებულებას, გამოვიყენოთ გავლენა, ურთიერთობები, კავშირები, რომლებიც გვაქვს რეგიონის სხვადასხვა მხარეებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. ეს არ გახლავთ მხოლოდ რეგიონალური საკითხი, ეს გლობალური შეშფოთების ნაწილია. წითელ ზღვაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო დერეფანზე ჰუთების მიერ წარმოებული თავდასხმები, პირდაპირ შეეხო 40-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქესა და კომერციულ ინტერესებს. მათ ჩაშალეს ან შეაფერხეს გლობალური გადაზიდვების თითქმის 20%. ათზე მეტ გადამზიდ კომპანიას მოუწია ათასობით გემის მარშრუტის შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ ტვირთის გადასატანად მეტი დრო იხარჯება, რაც ზრდის ღირებულებას, ეს კი, მომხმარებლებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აისახება. ჰუთების მიერ წარმოებული თავდასხმები ყველაზე მეტად აზიანებს ღარიბ და დაუცველ მოსახლეობას, მათ შორის, იემენსა და ღაზაში", - განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა.
0 კომენტარი