აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ვაშინგტონში, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც იორდანიაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებზე, ღაზას სექტორში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიაზე ვრცლად ისაუბრეს და მედიის შეკითვებსაც უპასუხეს. უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებისას, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი კიევისთვის ღია რჩება და რომ "ვაშინგტონი, ივლისში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს ყველაზე ამბიციური სამიტის მასპინძლობისთვის ემზადება".
"ახლა თითქოს ჩანს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, გარდაუვალი იყო, თუმცა, რეალურად, ორი წლის წინ, ამაზე არავინ ლაპარაკობდა. უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის განახლებული აგრესიის ფონზე, ორივე ქვეყანამ იგრძნო, რომ მათ ინტერესებში იყო, ალიანსში გაერთიანებით დაეცვათ ხალხი და ქვეყნის სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ფინეთის შემთვევაში ეს რეკორდულად მცირე დროში მოხერხდა და იგივე დინამიკას გვაჩვენებს პროცესი შვედეთთან დაკავშირებითაც. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ის ღია რჩება, მათ შორის, უკრაინისთვის, რომელიც ნატოს წევრი გახდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მრავალმხრივი სტრატეგიული მარცხი განიცადა პუტინმა უკრაინაში შეჭრით და თუ როგორ დააჩქარა ის პროცესები, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობდა. მას სურდა ნატოს შემცირება და დასუსტება, მაგრამ ალიანსი ახლა უფრო დიდია და კიდევ უფრო ძლიერი. ეს პროცესი მნიშვნელოვან ეტაპამდე მივა ნატოს ისტორიულ სამიტზეც, რომელსაც წელს ვაშინგტონი უმასპინძლებს. ვფიქრობ, ეს ყველაზე ამბიციური სამიტი იქნება ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ყველას დაანახებს, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. იმის პარალელურად, რომ ჩვენ სამიტზე ნატო-ს 75-წლიან ისტორიას ვიზეიმებთ, სამიტის რეალური აქცენტი მომდევნო 75 წელზე გაკეთდება,"- აღნიშნა პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, "სამიტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ნატო-ს სიძლიერის გასამყარებლად და უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ალიანსის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად".
"პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია ის დღესვე დაასრულოს, თუ მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმას შეწყვეტს. ომი ასევე შეიძლება დასრულდეს, თუ უკრაინა თავის დაცვაზე უარს იტყვის, მაგრამ ეს მშვიდობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რუსეთის ოკუპაციას, ოკუპაცია კი მშვიდობა არ გახლავთ. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ მიიღებს იმას, რისი მიღწევაც ბრძოლის ველზე სურს. მოსკოვმა უნდა მიიღოს ომის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეთავაზება, სადაც უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესები, უფრო ჭარბად იქნება უზრუნველყოფილი და გათვალისწინებული. დიახ, თუ ჩვენ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას უფრო მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღი მშვიდობის გზას წარმოადგენს. რაც შეეხება მოახლოებულ სამიტს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ნატო-ს სიძლიერის გასამყარებლად და მეტ ინვესტიციას ჩავდებთ თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატო-ს დახმარებით, აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ერთად ვქმნით მსოფლიო ეკონომიკური და სამხედრო ძალის 50%-ს. ჩინეთსა და რუსეთს ნატო-ს მსგავსი არაფერი აქვთ. ამიტომაც, მუდმივად ცდილობენ ჩვენი ერთიანობა შეარყიონ",- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
0 კომენტარი