აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მედიასთან 2023 წელი შეაჯამა და 2024 წლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა და შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს მუშაობას "თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გასაძლიერებლად".
“ეს იყო წელი, როდესაც ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა გადადგეს მნიშვნელოვანი, ზოგჯერ უპრეცედენტო ნაბიჯები, რათა ერთად გაგვეზიარებინა ლიდერობის პასუხისმგებლობა. 2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს იდეას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს.
პუტინმა უკრაინაში უკვე ვერ მიაღწია მის მთავარ მიზანს და უკრაინის რუკიდან წაშლა და რუსეთის შემადგენლობაში მისი შეყვანა ვერ მოახერხა. ეს მძიმე წელი იყო ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს ის, რაც არავის ეგონა შესაძლებელი - დაუპირისპირდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ძალას, არ დათმეს საკუთარი ტერიტორია და მიუხედავად მრავალი რუსული თავდასხმისა, რუსეთს აიძულეს შავი ზღვის დერეფანი გაეხსნა”.
სახელმწიფო მდივანმა მედიასთან შეხვედრაზე თქვა ისიც, რომ “რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, ნატო კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი”. შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის განცხადებით, “ნატო-ს 31-ე წევრად ფინეთის და უახლოეს მომავალში, შვედეთის ალიანსში გაწევრება, კიდევ უფრო მეტ ძალასა და შესაძლებლობას შემატებს თავდაცვით ალიანსს”.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “გასულ კვირას ევროკავშირი უკრაინის გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. იაპონიამ, კორეამ, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა, ასევე გააძლიერეს უკრაინა ენერგეტიკული ქსელის აღდგენიდან დაწყებული, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით. ჩვენს მსგავსად, მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველა აგრესორს ვაჩვენოთ, რომ მათ წინ აღვუდგებით.
ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას
პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს". ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ.
სახელმწიფო მდივანმა მედიის შეკითხვას უპასუხა კონგრესში შეჩერებულ დაფინანსების პაკეტზეც და თქვა, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, რათა ქვეყანამ “გადალახოს ზამთარი და რუსეთის თავდასხმის შემდეგი ეტაპი”.
“უკრაინას აქვს საკუთარი გეგმები განაგრძოს არა მხოლოდ რუსული აგრესიის შეკავება, არამედ, განაგრძოს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. მოგეხსენებათ, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების 50%-ზე მეტი დაიბრუნა. ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მივიყვანეთ ისეთ ეტაპამდე, საიდანაც ის ფეხზე მყარად დადგომას შეძლებს”,- უთხრა სახელმწიფო მდივანმა მედიას.
მან ვრცლად ისაუბრა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომზეც და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მთავარ პრიორიტეტზე ფოკუსირდება: “დავეხმაროთ ისრაელს, რომ რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება და ასევე, კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს".
“ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელს არ უწევს არჩევანის გაკეთება “ჰამასის” საფრთხის აღმოფხვრასა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ზარალის მინიმუმამდე შემცირებას შორის. მას ორივე მიმართულებით ვალდებულება და სტრატეგიული ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ისრაელისთვის, პალესტინელებისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და გრძელვადიანი უსაფრთხოების პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობის გაცნობიერება მოითხოვს ყველა მხარეს მკაცრი არჩევანის გაკეთებას”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
0 კომენტარი