მეინის შტატმა, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2024 წლის პრაიმერული კენჭისყრიდან ამოიღო.
მეინი კოლორადოს შემდეგ მეორე შტატია, რომელმაც დონალდ ტრამპი არაუფლებამოსილ საარჩევნო კანდიდატად გამოაცხადა.
გადაწყვეტილების მთავარ მოტივად, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში პრეზიდენტ ტრამპის ფაქტორი დასახელდა. 34-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „იცოდა ძალადობის ალბათობის შესახებ და ნაცვლად იმისა, რომ დროულად მიეღო შემაკავებელი ზომები, მას მხარი წამახალისებელი რიტორიკით დაუჭირა”. მეინის შტატის გადაწყვეტილება კოლორადოს მოსამართლეების განაჩენისგან იმით განსხვავდება, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კენჭისყრიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შტატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოაცხადა და არა სასამართლომ.
“ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა დემოკრატია წმინდაა... ამ დრომდე არ ყოფილა პრეცენდენტი, როდესაც საარჩევნო კანდიდატისთვის, საარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება შტატის წარმომადგენელს შეეწყვიტოს, თუმცა არცერთ სხვა კანდიდატს მიუღია სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობა. კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობენ, კვალიფიცირებულნი და შესაფერისნი უნდა იყვნენ იმ თანამდებობისთვის, რომლისკენაც ისწრაფვიან”, - განაცხადა მეინის შტატის დემოკრატმა წარმომადგენელმა, შენნა ბელოუსმა.
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა, შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩეუნგმა თქვა, რომ „მოწმენი ვართ არჩევნების მოპარვისა და ამერიკელი ამომრჩევლისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის მცდელობისა“.
„არჩევნებში ჩარევის მსგავსი პარტიული მცდელობები, მტრული თავდასხმაა ამერიკულ დემოკრატიაზე“, - დასძინა მან. მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მეინის შტატი ეყრდნობა კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ამბოხებაში მხილებული, მას თანამდებობის დაკავება ეკრძალება.
0 კომენტარი