Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე “მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მოლოდინი არ მაქვს”. შეკითხვაზე, ახლო აღმოსავლეთში არსებული საფრთხეების პარალელურად, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის ყურადღება უკრაინაზე არ მოდუნდეს და საერთოდ, ამ ეტაპზე, რამდენად დასაშვებია მსჯელობა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ვარიანტებზე, მათ შორის, მოლაპარაკებების გზით, გენერალი პასუხობს, რომ “პუტინი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, საერთოდ არ ფიქრობს მოლაპარაკების საკითხზე”.
“პუტინი დარწმუნებულია, რომ უპირატესობის მოპოვებას შეძლებს. სწორედ ამ მიზნით ცდილობს სამხედრო რესურსის მეტ მობილიზებას ჩრდილოეთ კორეიდან და ახლა, როგორც ჩანს, ირანთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს დამატებითი საბრძოლო მასალისა და რაკეტების შეძენის საკითხზე. ვფიქრობ, საქართველოს აუდიტორიას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს მისი ე.წ. მოლაპარაკებები. ეს მისთვის მხოლოდ დროებითი შეჩერების ტაქტიკაა, როდესაც სურს ცოტათი ამოისუნთქოს და ძალები აღიდგინოს. თანაც ახლა, როდესაც მან უდიდესი დანაკარგი განიცადა. მოგეხსენებათ, რუსეთის სატანკო ფლოტის 60%-ზე მეტი განადგურებულია. რაც რუსეთს ახლა ძირითადად საველე პირობებში აქვს, სწორედ ის ტანკებია, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც მე “ცივი ომის” პერიოდში, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გასწვრივ ვმსახურობდი. მიუხედავად ამ დანაკარგებისა, როგორც ჩანს, პუტინი მზადაა ეს ომი განაგრძოს”, ამბობს გენერალი Globalnews.ge-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ “ომის ტვირთი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე, ანუ, ე.წ. რუსულ ელიტაზე არ მოდის და სამხედრო სამსახურში რთავენ სხვა რაიონებისა და სოფლების ახალგაზრდებს, რომლებსაც არც შესაბამის სამხედრო წვრთნას უტარებენ და მოუმზადებლად პირდაპირ წინა ხაზზე აგზავნიან”.
“ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდების გამოყენება ხდება არა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სამხედრო ფორმით, არამედ ხშირად არსებითად, ე.წ. ადამიანური ტალღის შექმნის ტაქტიკისთვის. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსეთი უკრაინაში ადამიანური სიცოცხლის უდიდეს დანაკარგს განიცდის. მიუხედავად ამისა, კრემლი შეჩერებას არ აპირებს. იცით, რომ ორი ომის მეთაური ვიყავი და თითქმის ყოველ ღამე წერილებს ვწერდი იმ ფორმიანი ჯარისკაცების დედებსა და მამებს, რომელთა სიცოცხლეს ბრძოლისას ვკარგავდით. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უმკლავდებიან რუსი მეთაურები დანაკარგებს და ადამიანური სიცოცხლის ასეთ მასიურ დანაკარგს, როდესაც იციან, რომ ეს მათი უვარგისი ტაქტიკისა და ცუდი მომზადების მიზეზია. როგორც ჩანს, ადამიანური სიცოცხლე დიდად არ ანაღვლებთ. და მაინც, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობას, ისევე როგორც მისი ეკონომიკა მრავალჯერ აღემატება უკრაინის ეკონომიკას. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას უკრაინა. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავ მოლაპარაკების ნიშნებს, მაგრამ არსებობს რიგი სხვა ფაქტორები, რომლებზეც მოვლენების განვითარება იქნება დამოკიდებული. მათ შორის, ფინანსურ, ეკონომიკურ სანქციებსა და ექსპორტის კონტროლის გამკაცრებაზე. ასევე, შეძლებს თუ არა რუსეთი მოამავლში რესურსების მობილიზებას”.
გენერალი ასევე აღნიშნავს, რომ “კრემლს ამ ომში მორალური უპირატესობა არ გააჩნია”.
“როგორც გახსოვთ, ომის დაწყებისთანავე უამრავი რუსი მამაკაცი რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში წავიდა, მათ შორის, საქართველოში. რუსმა ჯარისკაცებმა არ იციან, რატომ ებრძვიან უკრაინელებს, უბრალოდ ბრძანებებს ასრულებენ და თანამოქალაქეებისა და თანამებრძოლების ხოცვას უყურებენ. უკრაინისთვის კი, საკითხი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ეხება. თანაც უკრაინის მხარეს შთამბეჭდავი ინდუსტრიული შესაძლებლობებია, იარაღის წარმოება, ტექნოლოგია, ინოვაცია და ა.შ. როგორც აღვნიშნე, სევასტოპოლიდან მათ რუსეთის დიდი ნაწილი გაიყვანეს, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ეს განსხვავებული ფაქტორი და სხვა ფაქტორებიც იქნება განმსაზღვრელი, როგორ განვითარდება ეს ომი მომავალში, თუმცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მოლოდინი არ მაქვს”, - ამბობს globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი.
0 კომენტარი