Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ამბობს, რომ უკრაინაში ახლა ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსეთის “თავდასხმების ინტენსივობის გაზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე უპირატესობა მოიპოვოს”.
“თანდათანობით, ის სამხრეთ-აღმოსავლეთის გარკვეულ რაიონებში, ხმელეთზე წინ წაწევასაც ახერხებს. პარალელურად, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, რუსეთი ცდილობს უკრაინის ინდუსტრიული ბაზის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაშლასაც მიაღწიოს. სწორედ ამ მიზნით მიიტანეს იერიში მნიშვნელოვან ელექტროსადგურებზე, თუმცა ამ მხრივ, უკრაინული ე.წ. კონტრ-დრონი, საჰაერო და ანტი-სარაკეტო თავდაცვა საკმაოდ შთამბეჭდავად მოქმედებს. ამასთან, უკრაინა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა უპილოტო სისტემები, რამაც რუსეთი აიძულა შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან გაეყვანა. შედეგად, უკრაინამ ასობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეძლო, რაც ასევე საკვანძო საკითხია სასურსათო უსაფრთხოებისთვის.
რა თქმა უნდა, რუსეთი ზამთრის პერიოდის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება, რადგან მათ არამხოლოდ უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციის სურვილი აქვთ, რუსეთის მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიკვიდაცია უზრუნველყოს”, ამბობს გენერალი პეტრეუსი.
მისი განცხადებითვე, “კრემლი დარწმუნებულია, რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლება არ აქვს და მას ანალოგიური მიზნები სხვა სახელმწიფოების მიმართაც ამოძრავებს, მათ შორის, მოლდოვას მიმართ”.
“პუტინი გახლავთ რევანშისტი მმართველი, რომელიც ისტორიას საკუთარი პერსპექტივიდან აფასებს და მის გადმოტანას აწმყოში ცდილობს. მისი მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ხელახლა მის გარშემო შემოიკრიბოს და დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს აუდიტორიამ ძალიან კარგად იცის. თქვენ მათი რეალური მიზნები საკუთარი თვალით 2008 წელს ნახეთ და გამოსცადეთ. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდ დღედ საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევს და ეს მაშინ, როდესაც წინა საუკუნეში კაცობრიობამ ორი მსოფლიო ომი და დიდი დეპრესიის პერიოდი გამოიარა”, - აღნიშნავს ინტერვიუში გენერალი დევიდ პეტრეუსი.
0 კომენტარი