აშშ-ის კონგრესში, დემოკრატიული პარტიის წევრებმა, ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, მის საკუთრებაში არსებულმა სასტუმროებმა და სხვა ბიზნესობიექტებმა, უცხოური მთავრობებისგან, 7,8 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ 5,5 მილიონი დოლარი ჩინეთის მიერაა გადახდილი. 

გამოქვეყნებული ანგარიში ეფუძნება დოკუმენტებს, რომლებიც დონალდ ტრამპის ყოფილმა ფინანსურმა კომპანიამ, სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გაავრცელა. აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით კი, კონგრესის პირდაპირი ნებართვის გარეშე, პრეზიდენტებს უფლება არ აქვთ მიიღონ საჩუქრები ან სხვა ტიპის ფინანსური სარგებელი, რაც შესაძლოა, მათ თანამდებობრივ მდგომარეობის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული.  

ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც თეთრ სახლში შესვლამდე სახელი წარმატებული ბიზნესმენობით გაითქვა, 2017 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კომპანიების ყოველდღიური მართვა შვილებს გადააბარა, თუმცა ბიზნესების მფლობელის სტატუსი შეინარჩუნა. მათ შორის, მის საკუთრებაში იყო ვაშინგტონში მდებარე Trump International Hotel-ი, რომელიც ლობისტებისა თუ უცხოური დელეგაციებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ლოკაციად მიიჩნეოდა. 

დემოკრატი კონგრესმენის, ჯეიმი რასკინის თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა „ამერიკელი ხალხის ინეტერესების ხარჯზე, პოლიტიკური კეთილგანწყობის სანაცვლოდ, უცხოური მთავრობებისგან ნაღდი ფულის სახით, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მიიღო".

„ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ არ გვაქვს კანონები, რათა გავუმკლავდეთ პრეზიდენტს, რომელსაც თავხედურად სურს პრეზიდენტობა ბიზნესად და გამდიდრების მექანიზმად აქციოს“, - წერია მოხსენების შესავალში. დემოკრატებისვე განცხადებით, მათმა გამოძიებამ აჩვენა ისიც, რომ "ყოფილი პრეზიდენტის ლოალობა განისაზღვრებოდა იმ გადახდებით, რაც, სულ მცირე, 20 სხვადასხვა მთავრობისგან მოდიოდა. მათ უმრავლესობას კი, შეერთებულ შტატებთან მგრძნობიარე ან პოლიტიკურად დატვირთული ინტერესები ამოძრავებდა".

ანგარიშში ერთ-ერთ ასეთ მაგალითადაა დასახელებული ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით, რასაც მაშინ კონგრესი ეწინააღმდეგებოდა. ამერიკელი კანონმდებლების პოზიცია იყო, რომ არსებობდა რისკი, ეს იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ამასთან, ანგარიში მიუთითებს ყოფილი პრეზიდენტის ეჭვებზე აშშ-ის დაზვერვის შეფასებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც,  პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა, Washington Post-ის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. "ჩინეთის შემდეგ, საუდის არაბეთი და მისი სამეფო ოჯახი დონალდ ტრამპის ბიზნესის მეორე უმსხვილესი მფარველი იყო, რომელიც 600 000 დოლარზე მეტს ხარჯავდა ტრამპის საკუთრებაში არსებულ ბიზნესობიექტებში", - ნათქვამია ანგარიშში. 

დემოკრატებმა განაცხადეს, რომ დასკვნები ასახავს მისი პრეზიდენტობის მხოლოდ პირველ ორ წელს და მის მხოლოდ ოთხ საკუთრებას. მათივე მტკიცებით,  ეს სავარაუდოდ წარმოადგენს იმ ფულის მხოლოდ ნაწილს, რაც ყოფილი პრეზიდენტის ბიზნესებმა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, უცხოურ მთავრობებთან კავშირით გამოიმუშავეს. მათივე თქმით, 2022 წელს, კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაკარგვის შემდეგ,  დოკუმენტების გამოქვეყნება რესპუბლიკელებს ვეღარ აიძულეს, რამაც გამოძიება შეაჩერა.

რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, მისი ვაჟის შესაძლო გარიგებების საქმეს იძიებს, დემოკრატების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში "პაროდიად" შეაფასა. „პაროდიის მიღმაა, რომ დემოკრატები ყოფილი პრეზიდენტით არიან შეპყრობილნი. ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ლეგალური ბიზნესი აქვს, ბაიდენებს კი არ აქვთ", - განაცხადა რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა. მისივე თქმით, "ყოფილი პრეზიდენტის 2022 წლის საგადასახადო ჩანაწერებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტობისას მისმა ბიზნესმა ზარალი განიცადა და ტრამპის ორგანიზაციამ ვაშინგტონის სასტუმრო საინვესტიციო ჯგუფს 375 მილიონ დოლარად მიყიდა. 

თავად ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს ანგარიშზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *