ოვალურ კაბინეტში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია, დაახლოებით, 25 წუთს გაგრძელდა. მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დარბაზში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი და ასევე, უკრაინის დელეგაცია იმყოფებოდა.
პრესკონფერენცია პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვით დაიწყო და თქვა, რომ “ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მტკიცედ დგომა, უზარმაზარი გამარჯვებაა და ყველა, ვინც უკრაინის ერთ თვეში დასრულებას ელოდებოდა, გაწბილებული”.
“ უკრაინის მამაცი ხალხი ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება პუტინის ნებას, მათ კი ზურგს შეერთებული შტატებისა და 50 პარტნიორი ქვეყნის ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უმაგრებთ. ამიტომ,
უკრაინა ამ ომიდან ამაყი, თავისუფალი და დასავლეთში მტკიცედ ფესვგამდგარი გამოვა, თუ ჩვენ მათ დახმარებას არ შევწყვეტთ.
საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, ახალი დაფინანსების გარეშე, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდება. როგორც გასულ კვირას აღვნიშნე, კონგრესმა სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან უნდა გვესმოდეს, თუ როგორ გამოიყურება ეს საკითხი მსოფლიოში და როგორ იყენებს ამ პროცესს რუსეთი. რუსეთმა და მისმა ერთგულმა მომხრეებმა, რესპუბლიკელების მიერ დაბლოკილი დახმარება, კრემლის გადაცემაში იზეიმეს. როდესაც კრემლის პროპაგანდისტები გადაწყვეტილებას გილოცავენ, უნდა დაფიქრდეთ, რას აკეთებთ ისტორიისთვის. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც თავისუფლებას ზურგს აქცევს”, - თქვა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინას, როგორც კონგრესში, ასევე, ამერიკელი ხალხის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რადგან “ყველას ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საემიგრაციო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც რესპუბლიკელ კონგრესმენთა ნაწილი აქტიურად ითხოვს და უკრაინის დახმარების პაკეტს სწორედ ამ მიზეზით ბლოკავს, ორპარტიული კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. ასევე, უნდა გამოინახოს რესურსები, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მიმართვა შეერთებული შტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და თქვა, რომ დღეს “ქვეყანა არამხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის”.
“ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე, ორი რევოლუცია გვქონდა და ბოლო ორი წელია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდ ბრძოლაში ვართ. პუტინმა ვერცერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. წინა წლებისგან განსხვავებით, სხვა ევროპული ერები რუსული აგრესიისგან დაცულნი არიან, რადგან ახლა უკრაინას რუსეთის დიქტატურის დაძლევა შეუძლია. ჩვენ უკვე შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ. ვაჩვენეთ, რომ ჩვენი გამბედაობა და პარტნიორობა ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსეთის მტრული ზრახვები. გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების 50%, რომელიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული, მათ უკან დაიხიეს შავ ზღვაში. ომის პირობებშიც კი, ვატარებთ რეფორმებს და ვაძლიერებთ ინსტიტუტებს",- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, "უკრაინის ყველაზე დიდი სურვილია ამ ომში გამარჯვების მოახლოება. არავის უნდა მისი გახანგრძლივება ერთი ადამიანის გარდა და ის პუტინია".
რესკონფერენციაზე შეკითხვა დაისვა, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევნებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში, აღმოჩნდება თუ არა უკრაინა დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკის ქვეშ. შეკითხვაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ მისი აზრით, “რესპუბლიკელთა მცირე ნაწილი მთლიანად რესპუბლიკური პარტიის პოზიციას არ წარმოადგენს”.
ასევე, გაჟღერდა შეკითხვა ორივე პრეზიდენტის მისამართით, რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რაზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ იხუმრა, რომ “ის ბლოკის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი არ გახლავთ, შესაბამისად, პასუხს პრეზიდენტ ბაიდენთან გადაამისამართებს”.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება მაშინ, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება და ამ საკითხზე ნატო-ს ყველა წევრის პოზიცია შეთანხმდება. ამ ეტაპზე კი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ”.
0 კომენტარი