9 თებერვალს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვევა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერს შორის განხილვის მთავარი საკითხი, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება იქნება.
„ორივე ლიდერი, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც საკუთარი ტერიტორიებისა და ხალხის დაცვას, რუსეთის აგრესიისგან ცდილობს“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ-ისა და გერმანიის პირველი პირები, ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
"ლიდერები ახლო აღმოსავლეთში, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებაზე იმსჯელებენ, ისაუბრებენ ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერასა და ღაზას სექტორში მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენაზე, ასევე, ყურადღებას გაამახვილებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე", - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატები ამბობს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი ამოეწურა და იმ საბრძოლო იარაღისა და რაკეტების გაგზავნის შესაძლებლობა აღარ აქვს, რაც კიევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ესაჭიროება. დახმარების დამატებითი პაკეტის დამტკიცების შესაძლებლობა კი, ახლა მთლიანად აშშ-ის კონგრესის ხელშია. პარალელურად, ევროპელი ლიდერები, პირველ თებერვალს დაგეგმილი სამიტის მოლოდინში არიან, სადაც განხილვის მთავარი თემა, უკრაინისთვის შესაბამისი დახმარების გამოყოფა იქნება, რასაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება. სამიტამდე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინას მეტი დახმარება გამოუყონ.
0 კომენტარი