აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. მხარი მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგი წავიდა.

ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარადგინეს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს.

საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ აქტი საქართველოს მთავრობის რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.

აქტი ითვალისწინებს იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესებას.

გარდა ამისა, საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას; ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავებას; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *