აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჯეიმს დევიდ ვენსი, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 14 თებერვალს დაიწყება.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს. ზელენსკისა და ვენსის შესაძლო შეხვედრის შესახებ გასულ კვირაში გამოცემა New York Post-იც წერდა.

სავარაუოდ მიმდინარე კვირაში შედგება შეხვედრა ზელენკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.

"პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები და, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. მინდა, რომ ეგ ომი დამთავრდეს უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ამდენ ადამიანს კლავენ. მილიონობით ადამიანს კარგავ ბრძოლის ველზე". - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მომდევნო კვირის მანძილზე განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, თუმცა დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

უოლცის თქმით, ამ კვირაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრეზიდენტი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ევროპაში განიხილავენ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი.

"ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. მან [ტრამპმა] თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. იგი მზადაა, გადასახადები, ტარიფები, სანქციები დააწესოს. ჩვენ გვჭირდება, ყველა მხარე დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავამთავროთ ეს კონფლიქტი". - თქვა უოლცმა.

ამასთანავე, უოლცმა დაამატა, რომ ტრამპი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისადმი აშშ-ს სამომავლო დახმარების განსახილველადაც არის მზად.

"ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ ეს ხარჯები, და ეს იქნება თანამშრომლობა უკრაინელებთან მათი ძვირფასი წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესახებ, ისევე როგორც ჩვენი რესურსების შესყიდვის შესახებ. ეს საუბრები ამ კვირას გაიმართება". - აღნიშნა მან. 

ინტერვიუში უოლცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დამთავრების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

"ვფიქრობ, ძირითადი პრინციპი აქ არის ის, რომ ამიერიდან ამ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. პრეზიდენტი ტრამპი ამ ომს დაამთავრებს და რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ეს ცალსახად ევროპელების იქნება". - თქვა უოლცმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *