აშშ-ის სენატის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცებას წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.

„მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ვიმედოვნებთ, რომ მათი ძალისხმევა სენატს ზომების სწრაფად მიღების საშუალებას ახალი წლის დასაწყისში მისცემს“, - ნათქვამია დემოკრატ ჩაკ შუმერისა და რესპუბლიკელ მიჩ მაკკონელის ერთობლივ განცხადებაში.

უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და ასევე, შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის დაფინანსების შესახებ შეთანხმება წლის ბოლომდე არ დასრულდება, "პრინციპულ საკითხებზე მცირე ჯგუფს შორის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში ისევ გაგრძელდება".

"მოლაპარაკება ადვილი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებას მეტი დრო დასჭირდება, თუმცა დღეს ბევრად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე წინა დღეებში ვიყავი. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - მოლაპარაკებებში წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ამერიკისთვის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის ფსონები საკმაოდ მაღალია”, - განაცხადა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

სენატში უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა კი მედიასთან თქვა, რომ "გარკვეული პროგრესი არსებობს, თუმცა თეთრი სახლისა და სენატის მომლაპარაკებლები შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ აღწევენ". 

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა შეთანხმების აუცილებელ ეტაპამდე ჯერ კიდევ ვერ მივედით. ქვეყნის საიმიგრაციო პრობლემის მოგვარების პროცესი მარტივი არ არის. კონგრესს, მნიშვნელოვანი საიმიგრაციო კანონპროექტი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეორე ვადის შემდეგ არ მიუღოა. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშიში დროა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. ეჭვგარეშეა, რომ ეს პაკეტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“, - უთხრა მედიას უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა.

სენატორი კრის მერფი, რომელიც კონგრესში მოლაპარაკებებს დემოკრატების მხრიდან ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ შეთანხმებს დრო ახლოვდება, თუმცა მნიშვნელოვანი ნიუანსები დაზუსტებას ისევ საჭიროებს. მისივე თქმით, "კანონმდებლები  24 საათის განმავლობაში მუშაობენ და სენატი უფრო ახლოსაა კონსესუსთან, ვიდრე ოდესმე იყო".

„რთულია კომპრომისამდე მისვლა და ასევე, რთულია იდეები ქაღალდზე გადმოიტანო ისე, რომ დარწმუნდე მის სწორად აღსრულებაში”,- განაცხადა სენატორმა კრის მერფიმ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სენატორებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს თავშესაფრის მოთხოვნის სტანდარტების ამაღლებასთან დაკავშირებით.  

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილი დამატებითი დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, ასევე საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს, საიდანაც 61 მილიარდი უკრაინისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობის გამო, საკანონმდებლო დონეზე მისი დამტკიცება, შეჩერებულია.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *