თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის შეხვედრა, დაახლოებით, 80 წუთი გაგრძელდა და მას ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც ესრებოდნენ.

”ჩვენ გვესმის, რომ არსებობს შეშფოთება უკრაინის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკელ ხალხს, შიდა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხიც აღელვებს”, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა. მისივე განცხადებით, „უკრაინის სტრატეგიასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მეტი პასუხის მიღებაა აუცილებელი". 

ამერიკული მედია წერს, რომ თეთრი სახლი და კონგრესის ლიდერები, მათ შორის, სენატის რესპუბლიკელი ლიდერი, მიჩ მაკკონელი, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის დარწმუნებას განაგრძობენ. თავად, სენატის ლიდერები, სულ უფრო თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების პაკეტზე შეთანხმება, უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ "არ იციან, რამდენად სწრაფად მოხდება კანონპროექტზე შეთანხმება კონგრესის ქვედა პალატაში". 

”არ ვიცი, როგორ იმოქმედებს კონგრესის ქვედა პალატა, მაგრამ სენატში, კანონპროექტის განხილვას, მომავალ დღეებში ვგეგმავთ, რადგან ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზღვრების დაცვის საკითხს მოიცავს”, - განაცხადა სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა. მისივე განცხადებით, "შეერთებული შტატები, 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ყველაზე სერიოზული საერთაშორისო გამოწვევის წინაშე დგას". 

„ამ კანონპროექტის დანარჩენი ნაწილიც მნიშვნელოვანია. "ჰუთი" მეამბოხეები ჩვენს გემებსა და კომერციულ გადამზიდებს თავს ესხმიან. ომია ისრაელსა და უკრაინაში, პარალელურად, ჩინეთი უკმაყოფილოა ტაივანში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით. ამიტომ, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების დროა. ასევე შევახსენებ ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს, რომ ქვეყანაში 100%-იანი რესპუბლიკური მთავრობის პირობებში, თუ პრეზიდენტი და კონგრესი რესპუბლიკელთა მართვაში იქნებოდა, ჩვენ, ალბათ, ვერცერთი დემოკრატი კანონმდებლის ხმას მივიღებდით საზღვრის უსაფრთხოების რეფორმირებისთვის. ამიტომ, ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაყოფილი მმართველობის პირობებში, მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიოთ",- აღნიშნა რესპუბლიკელმა სენატორმა. 

სენატში, უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა, რომელიც ასევე ესწრებოდა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, მედიასთან თქვა, რომ "კატასტროფა იქნება, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს".

„უკრაინა უკვე განიცდის შეიარაღების ნაკლებობას და თუ მისი შესაძლებლობები მკვეთრად შემცირდება, მის მძიმე შედეგებს, არამხოლოდ მომავალი თვეების, არამედ, წლების განმავლობაში დავინახავთ“, - აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე „უკრაინის საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა“ და ითქვა, რომ "თუ უკრაინა ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს, შედეგები, ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის, დამანგრეველი იქნება". მან ასევე დასძინა, რომ სენატში, დახმარების პაკეტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი. „ამ ხნის განმავლობაში პირველად ვარ ასე დარწმუნებული, რომ სენატში შეთანხმების მიღწევის შანსები უფრო დიდია, ვიდრე საპირისპირო შედეგის დადგომის, რაც მისასალმებელია",- აღნიშნა მან. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *