აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მეოთხედ ჩადის. ისრაელსა და "ჰამასს" შორის, კიდევ უფრო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, სახელმწიფო მდივანს ინტენსიური დიპლომატიური დღის წესრიგი აქვს დაგეგმილი. მითუმეტეს, რომ “ჰამასის” ლიდერის ლიბანში მკვლელობის, ირანში ტერორისტული თავდასხმისა და წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე შეტევების ფონზე, რეგიონში კონფლიქტის მასშტაბის გაფართოების რისკი გაზრდილია.
სახელმწიფო მდივანს შეხვედრები თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში აქვს დაგეგმილი. ასევე, დაანონსებულია პალესტინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაც. როგორც ამერიკული მედია იუწყება, სახელმწიფო მდივნის მარშრუტი ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ რეგიონში ის მთავარი მოთამაშეები, რომლებსაც აშშ-ი ეყრდნობა, დაძაბულობის ტემპერატურის შემცირებას შეძლებენ.
„არც ისრაელის, არც რეგიონის, არც მსოფლიოს ინტერესშია, რომ ეს კონფლიქტი ღაზას ფარგლებს გასცდეს“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანი შეეხება თურქეთის მთავრობის ძალისხმევას, დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაცია, საბერძნეთში კი, ის უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონალური საზღვაო უსაფრთხოების დაცვის შესახებ გამართავს დისკუსიებს.
„ჩვენ არ ველით, რომ ამ შეხვედრებისას ყველა საუბარი ადვილი იქნება. აშკარად რთული საკითხებია რეგიონის წინაშე და წინ რთული არჩევანია“, - თქვა მედიასთან სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი