შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა მთავრობის მოკლევადიანი ხარჯების კანონპროექტთან დაკავშირებით საბიუჯეტო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ფედერალური სააგენტოები 20 დეკემბრის ჩათვლით დაფინანსდება. ამ შეთანხმებით კონგრესმა თავიდან აიცილა მთავრობის მოსალოდნელი ნაწილობრივი დახურვა, რომელიც ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისში, 1 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. 2025 წლის ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება 5 ნოემბრის საყოველთაო არჩევნების ჩატარების შემდეგ მოხდება, ახალი პრეზიდენტისა და კონგრესის განახლებული შემადგენლობით არჩევის შემდეგ, თუმცა განახლებული შემადგენლობის მიერ ოფისის დაკავებამდე. 

 

კანონპროექტი მოიცავს ცვლილებას საიდუმლო სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის თვალსაზრისით. კერძოდ, დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, კონგრესის გადაწყვეტილებით, უწყებას დამატებით 231 მილიონი დოლარი გამოეყოფა. საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რონალდ როუ, სააგენტოსთვის მეტი რესურსის გამოყოფას აქტიურად ითხოვდა. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "სააგენტოს სჭირდება დამატებითი რესურსები და დაფინანსება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის დაქირავება შეძლოს". ამ საკითხზე რესპუბლიკელთა ნაწილს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. კერძოდ, მათი შეკითხვები შეეხებოდა, თუ როგორ დაეხმარებოდა სააგენტოსთვის დაფინანსების გაზრდა დონალდ ტრამპის დაცვის არჩევნებამდე გაძლიერებას. 

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა ყველაზე კონსერვატიული წევრების მოთხოვნით, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ცდილობდა მოკვლევადიანი ხარჯების შეთანხმებისთვის დამატებითი დებულება დაეკავშირებინა, რომლის მიხედვითაც შტატები ვალდებულნი იქნებოდნენ ხმის მიცემისას ამომრჩევლებისთვის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი მოეთხოვათ. დონალდ ტრამპის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს მოთხოვნა უნდა დამატებულიყო შეთანხმებას, როგორც ამერიკული მედია წერს, სპიკერმა ეს მოთხოვნა "გვერდით გვერდით გაწია". 

რესპუბლიკელი კოლეგებისადმი მიწერილ წერილში სპიკერმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მოცულობა იქნება "ძალიან ვიწრო, ნათელი" და მოიცავს "მხოლოდ იმ გაფართოებებს, რომლებიც მხოლოდ აუცილებელია".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახლავთ ის გამოსავალი, რომელიც რომელიმე ჩვენგანს გვსურდა, დღევანდელ პირობებში ეს ყველაზე გონივრული გზაა", - წერს ჯონსონი. "როგორც ისტორიამ გვაჩვენა და მიმდინარე გამოკითხვებიც ადასტურებს, საბედისწერო არჩევნებიდან 40 დღეზე ნაკლებ დროში მთავრობის დახურვა პოლიტიკური ბოროტმოქმედების აქტი იქნებოდა", - დასძინა მან. 

კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა თქვა, რომ დემოკრატები, კენჭისყრამდე, სრულად შეაფასებენ არსებულ კანონპროექტს, თუმცა "კონგრესი ახლა ორპარტიულ გზაზეა, რათა თავიდან აიცილოს მთავრობის დახურვა, რაც ამერიკელების ყოველდღიურობას დააზარალებს". სენატში უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კი აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების მიღწევა ორი კვირის წინაც შესაძლებელი იყო, თუმცა "სპიკერმა ჯონსონმა გადაწყვიტა MAGA-ს გზას გაჰყოლოდა და დაკარგა ძვირფასი დრო".

კანონპროექტს ამერიკელი კანონმდებლები კენჭს მიმდინარე კვირაში უყრიან. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *