აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატისა და სენატის ლიდერები ფედერალური მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთავრობის ნაწილობრივი დახურვის საფრთხე მალე უნდა აღმოიფხვრას. ქვედა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონის განცხადებით, 1,6 ტრილიონი დოლარის მოცულობის ბიუჯეტი მოიცავს 886 მილიარდ დოლარს თავდაცვისთვის და 704 მილიარდ დოლარზე მეტს სხვა ფედერალური ხარჯებისთვის. ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ახლა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება, რისთვისაც ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ და სენატმა, რომლის უმრავლესობაშიც დემოკრატები არიან, 2024 წლის ბიუჯეტი 19 იანვრამდე უნდა მიიღონ, რადგან თავდაცვის წლიური დაფინანსება 2 თებერვალს იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო დაწესებულებები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და მთავრობის ე.წ. შათდაუნი ამოქმედდება.
რესპუბლიკური პარტიის ე.წ. მეამბოხე ჯგუფმა შეთანხმებას "სრული მარცხი" უკვე უწოდა.
”სამწუხაროდ, ვაშინგტონში ხარჯების ეპიდემია გრძელდება და ამაში დამნაშავე ორივე მხარეა”, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ენდი ბიგსმა. კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა და სენატში უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა კი აღნიშნეს, რომ შეთანხმება "გზას უხსნის კონგრესს, მიმდინარე კვირას აქტიურად იმოქმედოს და ამერიკელი ხალხისთვის დაფინანსების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შეინარჩუნოს”.
შეთანხმების შესახებ განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, "ეს გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი მთავრობის უაზრო დახურვის თავიდან ასაცილებლად და მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტების დასაცავად”. მისივე განცხადებით, ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება, სოციალური პროგრამების მნიშვნელოვან შემცირებას არ გულისხმობს.
ე.წ. მთავრობის დახურვა იმ შემთხვევაში ხდება, თუ შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატა ფედერალური ხარჯების, დაახლოებით, 30%-ზე ვერ შეთანხმდება. კონგრესი წლიურ ბიუჯეტს კი, ყოველი ფისკალური წლის დაწყებამდე, 1 ოქტომბერს ამტკიცებს. იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკელები უმრავლესობას ქვედა პალატაში, დემოკრატები კი, ზედა პალატაში ფლობენ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი. სწორედ რესპუბლიკელთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო, რომლებიც სოციალური ხარჯების შემცირებას ითხოვდნენ, კონგრესი 2023 წლის შემოდგომაზე, მომდევნო წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა. მაშინ ამერიკელი კანონმდებლები მთავრობის დროებითი დაფინანსების კანონპროექტზე შეთანხმდნენ, რომლის ვადაც მალე იწურება.
შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული ცალკეულ კანონპროექტებზე, მათ შორის, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, რადგან სამხრეთ საზღვართან მიგრაციის პოლიტიკაზე დებატები ისევ გრძელდება. რესპუბლიკელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ უკრაინის შემდგომი დაფინანსება ამერიკის ინტერესებისთვის საზიანო იქნება. ასევე გრძელდება მოლაპარაკებები ისრაელისთვის უსაფრთხოების შემდგომი დახმარების გაწევის შესახებ.
0 კომენტარი