“ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ვაშინგტონის ურთიერთობა პეკინთან მალე გაუმჯობესდება”, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ნიკოლას ბერნსმა გააკეთა. მისივე თქმით, ის არ გახლავთ ამ მიმართულებით ოპტიმისტურად განწყობილი და მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.
დიპლომატმა ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივაზე საკმაოდ პესიმისტური განცხადება, პრეზიდენტ ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრიდან, ზუსტად ერთი თვის შემდეგ გააკეთა. მოგეხსენებათ, ორი სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში შეხვდნენ.
ლიდერების შეხვედრა მაშინ შეფასდა როგორც დაძაბული ურთიერთობების დასტაბილურების მცდელობა, რადგან შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის უნდობლობა გაღრმავდა და მეტიც, დიპლომატიურმა თუ პოლიტიკურმა ურთიერთობებმა, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
სან ფრანცისკოში შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და ჩინეთის პირველი პირი სინ ძინ პინი ნდობის აღდგენის მთელ რიგ ზომებზე, მათ შორის, სამხედრო მაღალი დონის კომუნიკაციების აღდგენაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჩინელ კოლეგას, შეხვედრის დასრულებიდან მალევე, “დიქტატორი” უწოდა. მაშინათვე ითქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ამ შეფასებამ პეკინი განარისხა.
აშშ-ის ელჩმა ნიკოლას ბერნსმა ბრუკინგსის ინსტიტუტში სტუმრობისას კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და მას “პროდუქტიული” უწოდა. დასძინა ისიც, რომ ორი ლიდერის პირისპირი კომუნიკაციის შეფასებისას ფრთხილი და “შესაძლოა რეალისტურია”. მისივე თქმით, არსებობს “იმედიც”, მაგრამ ეს “იმედი” განსხვავებულია ოპტიმისტური განწყობისა და მოლოდინებისგან. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. მან პეკინი ჩინეთის სანაპირო დაცვის ძალების მიერ ფილიპინური ხომალდების შევიწროების გამო გააკრიტიკა.
მოგვიანებით, დიპლომატმა ღონისძიებაზე შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებს არსებული დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისკენ მოუწოდა.
“ჩინელი ხალხი არ არის ჩვენი მტერი. ჩვენ გვინდა ჩინეთთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ. არცერთ ადამიანს არ უნდა სურდეს ეს ურთიერთობა კონფლიქტში ან ომში გადაიზადოს”, - თქვა მან.
0 კომენტარი