არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მედიასთან აღნიშნა, რომ მას დონალდ ტრამპის ის განცხადებები აშფოთებს, რაც არჩევნების შედეგების შესაძლო არაღიარებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, 4 ოქტომბერს, თეთრი სახლის საპრესკონფერენციო ოთახში დაუგეგმავად გამოჩნდა და ჟურნალისტების შეკითხვებს, თეთრი სახლის სპიკერის ნაცვლად, თავად უპასუხა. 

"ტრამპის წარსული განცხადებები, რომელიც მან მაშინ გააკეთა, როდესაც არჩევნების შედეგები არ მოეწონა, ძალიან საშიში გახლდათ. როგორც  შევამჩნიე, რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა არ თქვა, რომ ის ეთანხმება ბოლო არჩევნების შედეგებს. ამიტომ, მაწუხებს ეს საკითხი და ის, თუ რას აპირებენ ისინი", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. 

აშშ-ის პრეზიდენტი, ამ განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, ჯეი დი ვენსის გაურკვეველ პოზიციას გამოეხმაურა, როდესაც მან უარი განაცხადა პირდაპირი პასუხი გაეცა შეკითხვაზე: დამარცხდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში? დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რესპუბლიკელმა კანდიდატმა თქვა, რომ ის "მომავალზეა ორიენტირებული". ამასთან, შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი დამარცხდება, ჯეი დი ვენსმა პირდაპირ პასუხის გაცემისგან ისევ თავი შეიკავა და "დემოკრატიული პარტიის ცენზურაზე" განაგრძო საუბარი. განმეორებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ "დებატების შემდეგ მისი ოპონენტისთვის ხელის ჩამორთმევას გეგმავს".

"ამ დებატებისა და არჩევნების შემდეგ, ჩვენ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ვფიქრობ, გავიმარჯვებთ კიდეც, მაგრამ თუ ტიმ უოლცი იქნება მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, ჩემი ლოცვები და საუკეთესო სურვილები მასთან იქნება. მას ყოველთვის დავეხმარები, თუ მას ამის სურვილი ექნება", - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპი გამუდმებით უარყოფს 2020 წლის არჩევნებში ბაიდენთან დამარცხებას და მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენებმა ათობით სარჩელი მოამზადეს შედეგების გასაპროტესტებლად. ამასთან, დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს როგორც ფედერალურ, ისე ჯორჯიის შტატში ჩატარებულ არჩევნებში ჩარევისთვის. ამ და 6 იანვრის აჯანყებაში მისი შესაძლო მონაწილეობის ბრალდებით, წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის საქმის გამოძიება დაიწყო. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *