"რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ასევე, მსოფლიოში კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა. იგი დიდი ხანია შეერთებულ შტატებთან და ჩვენს მოკავშირეებთან ფარულ ომშია ჩართული, რისთვისაც იყენებს როგორც კორუმპირებულ ქსელებს, ასევე დივერსიულ მეთოდებს, კლავს და თავს ესხმის თავისუფალ საზოგადოებას. რუსეთი ახალისებს თავის თანამოაზრე დიქტატორებს თეირანსა და პეკინში, რომ უფრო აგრესიული პოლიტიკით ძირი გამოუთხარონ ყველა საერთაშორისო ნორმასა და იდეალებს, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტაბილურობა უზრუნველყო. თავისუფალი სამყაროს მიდგომა გასული ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ რუსეთი გლობალურ ეკონომიკურ სისტემასთან დაეკავშირებინა, გაემდიდრებინა რუსი ოლიგარქები და მოპყრობოდა რუსეთს, როგორც თანასწორს, გადამწყვეტი მარცხი განიცადა. ჩვენ ვართ კონფლიქტში დიქტატორებთან, რომლებიც იარაღის გამოყენებით იჭრებიან იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც კანონის უზენაესობას აღიარებენ", - ასე იწყება ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ახალი დასკვნა, რომელზეც კომისიის თანამშრომლებმა და ანალიტკოსებმა იმუშავეს და რომელშიც ვრცლადაა განხილული რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი და მოქმედების ტაქტიკა სხვადასხვა რეგიონში. ამ კონტექსტში კი, სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ მნიშვნელოვან არეალადაა დასახელებული. რაც შეეხება საქართველოს, სამხრეთ კავკასიაში რუსული ტაქტიკის აღწერისას, საქართველო დოკუმენტში 48-ჯერაა ნახსენები.
რას ამბობს ჰელსინკის კომისიის ანგარიში სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლზე?
კომისიის დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც სამხრეთ კავკასიას ეთმობა, რეგიონში არსებული რეალობის აღწერით იწყება და აღნიშნავს, რომ სამივე სახელმწიფო, "საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ამჟამად თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება როგორც ახალი შესაძლებლობების გამოყენების პოტენციალით, ისე საფრთხის ზღვართან სიახლოვის კუთხით".
"დღეს სამხრეთ კავკასია ახალი და უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა, რადგან უკრაინაში მიღებული სამხედრო შედეგების მიუხედავად, რუსეთი ისევ ცდილობს ამ რეგიონში საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. რუსული ფინანსური გავლენის შესუსტება რეგიონულ აქტორებს ახალ შესაძლებლობას უქმნის, ამასთან, შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო მხარეებსაც რეგიონში თავიანთი ინტერესები განსაზღვრონ, თუმცა მოსკოვი ასევე მოწადინებულია, სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენა როგორც ღია, ისე ფარული საშუალებებით შეინარჩუნოს. აგრესიულ რუსეთთან ხანგრძლივი ევროატლანტიკური დაპირისპირების კონტექსტში, სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანი თეატრია. ეს რთული დინამიკა სამხრეთ კავკასიას დანის პირზე აყენებს, რაც მოითხოვს შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების რეგიონისადმი მიდგომის გადახედვას", - წერია ანგარიშში, რომელიც ასევე მიანიშნებს, რომ "სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს განიცდის, რაც ძირითადად რუსული გავლენის ცვალებადი დინამიკითაა გამოწვეული".
დოკუმენტის ავტორები ასევე მიუთითებენ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე და აღნიშნავენ, რომ ეს "მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს აშშ-ის სტრატეგიისათვის". თუმცა იქვე დასძენენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი".
"წლების განმავლობაში საქართველო განიხილებოდა, როგორც მტკიცედ პროდასავლური სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო მისწრაფებებით. თუმცა საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები უფრო ღიად ანტიდასავლურ ხასიათს იღებს და არადემოკრატიულ პოზიციას აფიქსირებს. ეს ცვლილება გამოიხატა ოპოზიციის აქტივისტების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების დარბევით, ამასთან, რუსეთის პოზიციებთან მჭიდრო კავშირებით. მიუხედავად ხელისუფლების ამ ნაბიჯებისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ პროევროპული და ნატო-ს მომხრეა, რაც ქმნის მკვეთრ განხეთქილებას საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის. ეს ყველაზე მკაფიოდ 2024 წლის გაზაფხულზე გამართული საპროტესტო აქციების დროს გამოჩნდა, როდესაც რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ მიიღო, 300 000-მდე ქართველი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდა", - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ აშშ-ის "ტრადიციული ვარაუდები" და შეფასებები რეგიონის შესახებ, მოძველდა. კერძოდ, დოკუმენტი ამბობს, რომ "უკვე მრავალი წელია, აშშ-ის პოლიტიკა დაფუძნებულია შედარებით მარტივ შეფასებაზე: სომხეთი განიხილებოდა როგორც რუსეთის მტკიცე მოკავშირე სახელმწიფო, საქართველო - როგორც ერთგული პროდასავლელი პარტნიორი, აზერბაიჯანი კი, როგორც მრავალვექტორიანი სახელმწიფო, რომელიც თავის ურთიერთობებს აბალანსებს დასავლეთსა და რუსეთს შორის". ანგარიშის ავტორები დასძენენ, რომ მსგავსი მიდგომები უნდა შეიცვალოს, რადგან მაგალითად, სომხეთის შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ის "პოტენციური დემოკრატიული პარტნიორი გახდა შეერთებული შტატებისთვის". საქართველოში პოლიტიკური ცვლილება კი, "შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს".
"შეერთებულმა შტატებმა უნდა შეიმუშაოს ორმხრივი სტრატეგია, რომელიც მოიცავს საქართველოს ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხსაც მოიცავს ქვეყნის დემოკრატიული უკანდახევის გამო. "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული ორპარტიული MEGOBARI აქტი შესაძლოა საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს", - მითითებულია დოკუმენტში, რომელიც სამხრეთ კავკასიისთვის მიძღვნილ ნაწილში საკუთარ შეფასებას ასე ასრულებს: "ახალი რეალობის გათვალისწინებით, ადგილზე ჩვენი პოლიტიკის გადახალისებით, დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერითა და საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული ზეწოლით, აშშ-ს შეუძლია სამხრეთ კავკასიას დაეხმაროს გახდეს უფრო სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი რეგიონი".
0 კომენტარი