აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საარჩევნო ციკლის ბოლო დებატები შედგა. ის მკვეთრად განსხვავდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატების ბოლო ორი დებატებისგან. პირადი თავდასხმების ნაცვლად, რესპუბლიკელების კანდიდატი ჯეიდი ვენსი და დემოკრატების კანდიდატი ტიმ უოლცი თავშეკავებული და ცივილური ტონით საუბრობდნენ და ყურადღებას ამომრჩევლებისთვის აქტუალურ საკითხებზე ამახვილებდნენ.
დებატები, სავარაუდოდ, ვენსის უპირატესობით დასრულდა. დებატების მიმდინარეობისას Washington Post-მა, მერყევ შტატებში, ფოკუს ჯგუფებზე გამოკითხვა ჩაატარა, სადაც უმრავლესობამ უპასუხა, რომ ჯეიდი ვენსი უკეთეს ფორმაში იყო. ოჰაიოს შტატის სენატორმა, ვენსმა, რომელიც შეარჩიეს იმისთვის, რომ ტრამპის კონსერვატიზმისთვის იდეოლოგიური საფუძველი შეექმნა, დებატში საკუთარი ზომიერი მხარის წარმოჩენა შეძლო.
დებატების განმავლობაში ორივე კანდიდატი არაერთ საკითხზე თანხმდებოდა და ამას პირდაპირ აღნიშნავდნენ. "ბევრ საკითხში გვაქვს საერთო," – აღნიშნა მინესოტას გუბერნატორმა, უოლცმა. როდესაც მან ახსენა, რომ მისი 17 წლის შვილი საზოგადოებრივ ცენტრში მასობრივი სროლის მოწმე გახდა, ვენსის რეაქცია გულწრფელი შეშფოთებით აღსავსე იყო: "მაპატიეთ, არ ვიცოდი. იმედი მაქვს, რომ ახლა ყველაფერი რიგზეა." – თქვა მან. "ქრისტემ შეგვიწყალოს, ეს მართლაც საშინელებაა."
უოლცი სცენაზე თავს შესამჩნევად არაკომფორტულად გრძნობდა და ღელავდა მაშინ, როცა ვენსი უფრო თავდაჯერებული იყო. დებატების მეტწილად საშინაო საკითხებზე იყო ფოკუსირებული, თუმცა გამხსნელი თემა ისრაელისა და ირანის კონფლიქტი იყო. მოდერატორებს კანდიდატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კითხვები არ დაუსვამთ.
დებატების ბოლოს სიტუაცია გამწვავდა, როდესაც საუბარი ტრამპის განცხადებებს შეეხო, თითქოს მას 2020 წლის არჩევნები გაუყალბეს. "წააგო თუ არა ტრამპმა 2020-ის არჩევნები?" – ჰკითხა ვოლცმა ვენსს. "ტიმ, მე მომავალზე ვარ ფოკუსირებული," – უპასუხა ვენსმა. "ეს პასუხი არაა," – აღნიშნა ვოლცმა. ოჰაიოს სენატორმა ვერ გასცა პასუხი არჩევნების გაყალბების საკითხზე, თუმცა შეახსენა უოლცს, რომ "ტრამპის ქმედებები უჩვეულო არ ყოფილა. ჰილარი კლინტონმა 2016 წელს თქვა, რომ არჩევნები ვლადიმერ პუტინმა მოპარა, რადგან რუსებმა, დაახლოებით, 500 000 დოლარის ღირებულების Facebook რეკლამები შეიძინეს. "6 იანვარი არ იყო Facebook რეკლამები," – გამოეხმაურა მინესოტას გუბერნატორი.
იმიგრაციისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ საუბრისას დროს უოლცმა მოიხმო ვენსის მცდარი განცხადებები ჰაიტელ მიგრანტებზე, რომ თითქოს ისინი ოჰაიოს სპრინგფილდში მცხოვრებთა შინაურ ცხოველებს ჭამდნენ. " მოქალაქეები, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებს სპრინგფილდში, ამერიკელი მოქალაქეები არიან," – უპასუხა ვენსმა.
ვენსი მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ მიუხედავად კამალა ჰარისის დაპირებებისა, რომელთა ნაწილს ეთანხმება, ბოლო სამი წლის განმავლობაში თეთრ სახლს დემოკრატები აკონტროლებენ. "თუ კამალა ჰარისს აქვს ასეთი შესანიშნავი გეგმები საშუალო კლასის პრობლემების გადასაჭრელად, ახლაა ის დრო, რომ ეს გეგმები განახორციელოს" – განაცხადა ოჰაიოელმა სენატორმა.
უოლცმა ტრამპის მიერ ორპარტიული იმიგრაციის კანონმდებლობის დაბლოკვაზე ისაუბრა და აღნიშნა: "მე მჯერა, რომ სენატორ ვენსს სურს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ როდესაც ის ტრამპის გვერდით დგას და თანამშრომლობაზე უარს ამბობს, ეს საკითხი უბრალოდ საუბრად იქცევა. ხოლო როდესაც საუბრის დონეზე რჩება, ვაუბრალოებთ და ვცდილობთ, სხვა ადამიანები დემონებად გამოვსახოთ."
როდესაც დებატები აბორტის უფლებებზე გადავიდა – სფერო, სადაც გამოკითხვების მიხედვით დემოკრატები უფრო ძლიერად გამოიყურებიან – ვენსი თავდაცვის რეჟიმში გადავიდა და აღიარა, რომ რესპუბლიკელებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა ამერიკელი ამომრჩევლების ნდობა მოიპოვონ. "მინდა, რომ დედებს უფრო გაუადვილდეთ ბავშვების გაჩენა. საზოგადოებრივ პოლიტიკაში იმდენი რამის გაკეთება შეგვიძლია, რომ ქალებს მეტი არჩევანი მივცეთ" – თქვა მან.
უოლცმა უპასუხა, რომ დემოკრატების ხედვა აბორტზე მარტივია: "ჩვენ ქალებისკენ ვართ ვართ. ჩვენ ვართ თავისუფლების მომხრეები, რომ ადამიანებმა საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც სხეულის კონტროლია, არ შეიძლება გეოგრაფიაზე იყოს დამოკიდებული."
მიუხედავად იმისა, რომ ვოლცი აბორტის საკითხში უფრო მკვეთრი იყო, იარაღის კონტროლზე საუბრისას მან უკიდურესობებისგან თავი შეიკავა. ვენსმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში უსაფრთხოების გაზრდა. უოლცმა კი, თავის მხრივ, იარაღის აკრძალვების ნაცვლად, ყურადღება სხვა ფაქტორებზე გადაიტანა და არ მიემხრო დემოკრატების მოწოდებებს იარაღის აკრძალვებისა და სხვა შეზღუდვების შესახებ.
როგორც კონგრესმენი, უოლცი რეგულარულად აძლევდა ხმას იარაღის უფლებების სასარგებლოდ და ეწინააღმდეგებოდა იარაღის კონტროლის მრავალ ინიციატივას, რისთვისაც იარაღის უფლებების მხარდამჭერი ეროვნული ასოციაციისგან ქებას იმსახურებდა. დებატების დროს მან აღნიშნა, რომ მისი შეხედულებები იარაღის კონტროლზე 2012 წლის სენდი ჰუკის სკოლის სროლის შემდეგ შეიცვალა. ვოლცის პოზიციონირება იარაღზე შესაძლოა იმედგაცრუება იყოს დემოკრატების ნაწილისთვის.
0 კომენტარი