ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებულმა ბრალდებებმა ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში თავი ისევ იჩინა.
„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. დეზინფორმაციაზე პასუხი მარტივია: „ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?!“ - წერია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 29 სექტემბერს, თბილისის მერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის დიდი საშიშროებაა. "მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა". - თქვა მან.
0 კომენტარი