ისტორიული მეხსიერება საზოგადოების მომავლის ჩამოყალიბების პროცესში მამოძრავებელ ძალას რომ წარმოადგენს და უდიდეს როლს თამაშობს მის განვითარებაში, ამის შესახებ კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეთანხმდა. ჯორჯ ორეულმა თქვა, "ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს მომავალსაც" და ეს ფრაზა, ალბათ, საუკეთესოდ აღწერს საქართველოს, სამწუხაროდ, ყველაზე გონიერი დამპყრობლის, რუსეთის უკვე საუკუნოვან ქცევას ქართველი ერის წინააღმდეგ. დამპყრობლის, რომელმაც ფიზიკურთან ერთად, პირველ რიგში, იდეოლოგიური ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს წარსულსა და მის ისტორიულ მეხსიერებას, რადგან ოკუპაციის პირველივე დღიდანვე კარგად ესმოდა, რომ თავისუფალი, მოაზროვნე საზოგადოება მის ოკუპაციას საბოლოოდ არასოდეს შეეგუებოდა და ყოველთვის ექნებოდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.
მაშინ, როდესაც რუსეთის საბჭოთა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო, პირველ რიგში, საზოგადოების მეხსიერებიდან დამოუკიდებლობის სამწლიანი მოგონებების დისკრედიტირებასა და გაქრობას ყველა შესაძლო მეთოდით შეეცადა. არადა, დღემდე, თანამედროვე საზოგადოებისთვისაც კი, 1918-1921 წლების საქართველო ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირების საუკეთესი მაგალითად რჩება. ეს იყო პერიოდი, როდესაც მაშინდელი დასავლეთის არაერთი სახელმწიფოსგან განსხვავებითაც კი, ქვეყანას ჰქონდა ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და ფუნქციონირებდა ეროვნული საბჭო, სადაც კანონებს ქალებიც წერდნენ. საქართველო მაშინდელი ევროპის რუკაზე საკმაოდ პროგრესულ სახელმწიფოდ გამოიყურებოდა.
რა თქმა უნდა, ასეთი მოდელი რუსულ საბჭოთა ოკუპაციასთან სრულიად შეუთავსებელი გახლდათ. სწორედ ამიტომ, კრემლმა პროპაგანდით, მითებითა და ძალადობით იმდროინდელ პროდასავლურ აზროვნებას სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. კომუნისტური იდეოლოგიური ბრძოლიდ მეთოდები კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტია, 100 წლის შემდეგაც მისი ნარჩენები და უკვე მოდერნიზებული მეთოდები საქართველოს წინსვლის ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად რჩება.
დიახ, ალბათ, როგორი ნიშანდობლივია, რომ საუკუნის შემდეგაც კი, საქართველოს, 100 წლის წინანდელ მოვლენებთან, თითქოს ისტორიული კავშირი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გაუწყვეტია. ეს განცდა განსაკუთრებით ცოცხლად იგრძნობოდა 27 სექტემბერს, ვაშინგტონში, სადაც აშშ-იში დაფუძნებულმა "ქართულმა ასოციაციამ", "კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში" 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების სახელწოდებაც შესაბამისი გახლდათ - "უტეხი სული: 1924 წლის ქართველთა აჯანყებიდან ერთი საუკუნე".
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების სახელწოდება და თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 1924 წელი მართლაც ერთ-ერთი თარიღია საქართველოს ისტორიაში, როდესაც საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ სრულიად საქართველო აჯანყდა და რომელსაც ბოლშევიკებმა მასობრივი ხოცვა-ჟლეტით უპასუხეს. ღონისძიების მომხსენებლებმა, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენლებმა გიორგი კანდელაკმა და ირაკლი ხვადაგიანმა, სწორედ მაშინდელი მოვლენები დეტალურად გაახსენეს საზოგადოებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ოკუპანტისადმი დაუმორჩილებლობის დაუოკებელ ჟინს, რაც 1924 წლის აჯანყებას უძღოდა წინ. საკმაოდ ნიშანდობლივი იყო სტალინის კულტის ფენომენის განხილვის ნაწილიც, რომლის გაცოცხლებასაც რუსეთი საქართველოში ისევ აქტიურად ცდილობს.
მომხსენებელთა შორის გახლდათ "ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროპგრამის" ხელმძღვანელი სტივენ ჯონსიც, რომელმაც იმ საუკუნოვან ბრძოლაზე ისაუბრა, რამაც საქართველო დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. დასძინა ისიც, რომ "იმპერიული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველებისთვის ჯერ კიდევ მიმდინარე და აქტიურ გამოწვევად რჩება".
ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური გამოფენაც მოეწყო, რომელსაც გულგრილს ვერავინ ჩაუვლიდით - საინფორმაციო ბანერები გვიყვებოდნენ იმ გმირების ისტორიებს, რომლებმაც თავი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას შესწირეს.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას ასზე მეტი ქართველი და ამერიკელი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, მკვლევარები, დიპლომატები და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.
საღამოს სოხუმის დაცემის დღის ხსოვნისა და უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მუსიკალური შესრულებით დასრულდა.
რუსა შელია
0 კომენტარი