აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შეიმუშაოს. ამასთან, ამერიკულ მედიას არ გამორჩენია ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გვერდით იდგა და მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისევე როგორც უკრაინის პირველ პირთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან მას კარგი ურთიერთობები აქვს.
"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ", - უთხრა მედიის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპმა, რა დროსაც უკრაინის პრეზიდენტმა მცირე ჩართვა გააკეთა: იმედი მაქვს, ჩვენ შორის უკეთესი ურთიერთობებია".
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მის პოლიტიკურ ოპონენტზეც მიანიშნა და თქვა, რომ თუ არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი გაიმარჯვებს, "უკრაინას წარმატების მოლოდინი არცერთი მიმართულებით უნდა ჰქონდეს".
"ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შემცვლია აზრი, რომ ორივეს ამის დასრულება გვსურს და ორივეს გვსურს, სამართლიანი შეთანხმება ვიხილოთ. ის აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი და ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება. პრეზიდენტს სურს, რომ ეს დასრულდეს და სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. თუ გავიმარჯვებ, ძალიან სამართლიანი და ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფი შეთანხმება გვექნება", - აღნიშნა მან, თუმცა არ გაუცია პასუხი შეკითხვისთვის, თუ როგორ წარმოუდგენია მას რუსეთ-უკრაინის ომის "სამართლიანი დასრულება".
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ამტკიცებს: "ჩვენ ვაპირებთ დავსხდეთ და განვიხილავთ. თუ არჩევნებში გავიმარჯვებთ, 20 იანვრამდე დიდი ხნით ადრე, მანამ სანამ პრეზიდენტის ოფისს დავიკავებ, ვფიქრობ, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რაც ორივე მხარისთვის კარგი იქნება. დროა".
სამართლიანობაზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ "სამართლიანი მშვიდობაა" საჭირო, პრობლემა კი იმაშია, რომ "პუტინმა უამრავი ადამიანი მოკლა და დღემდე უკრაინის ტერიტორიაზეა".
"ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. ის ჩვენს ტერიტორიაზეა და როგორ გავაჩეროთ ომი, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე მაქსიმალური ზეწოლა. შეერთებული შტატები ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მიმართ მოლოდინი რესპუბლიკელებსა და უკრაინულ მხარეს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე განსაკუთრებით მძაფრი გახლდათ. ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრე რესპუბლიკელები განსაკუთრებით გამოხატავდნენ ბრაზს უკრაინის პრეზიდენტის პენსილვანიაში, საბრძოლო მასალების ქარხანაში ვიზიტის გამო, რაც მათ საკვანძო შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასეს. საპასუხოდ, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა თანამდებობიდან შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი, მარია მარკაროვა თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ამასთან, რესპუბლიკელებმა გააპროტესტეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, როდესაც მან რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს The New Yorker-თან ინტერვიუში "ზედმეტად რადიკალური" უწოდა.
0 კომენტარი