უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზანი ვაშინგტონისგან დამატებით სამხედრო დახმარებასა და დასავლური იარაღის ფართო უფლებამოსილებით გამოყენებაზე თანხმობის მიღებაა, - სწორედ ასე ეხმაურება ამერიკული მედია უკრაინის პირველი პირის შეერთებულ შტატებში ვიზიტს და დასძენს, რომ მიზნის მიღწევა პრეზიდენტ ზელენსკისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევს წინ, უკრაინის ენერგეტიკული ქსელი კი, დაშლის ზღვარზეა. 
ამერიკული მედიის ცნობითვე, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შესახებ ცნობას მალე გამოაქვეყნებს, თუმცა თეთრი სახლი მზად არ არის ზელენსკის მთავარ მოთხოვნას დაეთანხმოს - გააუქმოს შეზღუდვები ამერიკული წარმოების რაკეტების ბრძოლის ველზე გამოყენებაზე, რაც კიევს შესაძლებლობას მისცემს რუსეთის ტერიტორიაზე იერიში განახორციელოს. 

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის დარწმუნებული, რომ ეს ომის ტრაექტორიას შეცვლის და მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პუტინს შემდგომი ესკალაციის საფუძველს მისცემს. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას, ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. როგორც წინასწარ ითქვა, ეს გახლავთ  უკრაინისთვის ერთგვარი საგზაო რუკა, რათა ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის რამდენიმე მსხვილ ფინანსურ პაკეტს ამზადებს, მათ შორის, 375 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული სამხედრო ტექნიკის უკრაინაში დაუყოვნებლივ გაგზავნაა დაგეგმილი. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ სწორედ თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე, დამატებით 2,4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ გახდება ცნობილი. ინფორმაციას ამერიკულ მედიებთან ოფიციალური წყაროები ანონიმურობის დაცვით ავრცელებენ. 

საკმაოდ მწვავე გამოსვლა ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ში, სადაც მან მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმას გეგმავს, კრემლის გეგმების შესაჩერებლად კი, მათი აქტიურობაა აუცილებელი, რათა რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ე.წ. სამართლიანი მშვიდობის პირობებს დათანხმდეს.
"ნებისმიერი რაკეტის ან თვითმფრინავის დარტყმა, ნებისმიერი მწვავე ინციდენტი ენერგეტიკულ სისტემაში ბირთვულ კატასტროფას გამოიწვევს. მსგავსი დღე არასოდეს უნდა დადგეს", - განაცხადა ზელენსკის და დასძინა ისიც, რომ მოსკოვმა დასავლეთისგან მეტი ზეწოლა უნდა იგრძნოს. "თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა ჩვენს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა გამოიწვია, გახსოვდეთ, რომ რადიაცია სახელმწიფო საზღვრებს არ აღიარებს", - განაცხადა რუსეთის გეგმებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ვიზიტის პარალელურად, პრეზიდენტმა ბაიდენმა და 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას "მარშალის გეგმის" მსგავსი ინიციატივის განსახორციელებლად უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის მიზნით. მათ შორის, პროცესი ნაწილობრივ რუსული გაყინული აქტივებით დააფინანსონ. 

"ჩვენ ვალდებულნი ვართ, რუსეთს მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *