პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის პირველი პირის სტატუსით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბოლოჯერ წარსდგა. პოლიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ამერიკის საგარეო პოლიტიკის გაძლიერებას დაუთმო, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "ახლა მსოფლიო ისტორიის გამორჩეულ ეტაპზე" იმყოფება, თუმცა ასევე დასძინა, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების მიუხედავად, მიმდინარე პროცესების მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"ომის პერიოდში გამოვლენილი საშინელი ფაქტების დროსაც კი წინსვლის გზა ყოველთვის არსებობს. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ უკეთესობისკენ ცვლილება ყოველთვის შესაძლებელია. ვიცი, რომ დღევანდელი მსოფლიოს შემხედვარე, ბევრი მხოლოდ სირთულეებს ხედავს და სასოწარკვეთილი რეაგირებს, თუმცა მე მსოფლიოს ასე არ ვუყურებ", - მიმართა მსოფლიო ლიდერების ამერიკის პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა: უკრაინა, გლობალური კონკურენციის მართვა და გაეროს ქარტიის შენარჩუნების მნიშვნელობა. ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა დაიმახსოვრონ, რომ "ზოგიერთი საკითხს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენის სურვილს" და რომ ხალხისთვის უპირატესობის მინიჭება ძლიერი ლიდერებისთვის დამახასიათებელი თვისებაა.
"არასდროს უნდა დაგვავიწყდეს აქ ვის წარმოვადგენთ. ჩვენ, ხალხი - ეს გახლავთ ჩვენი კონსტიტუციის პირველი სიტყვები, ამერიკის იდეა, რაც გაეროს ქარტიის საწყისი სიტყვების შთაგონების წყაროც გახდა. დემოკრატიის შენარჩუნება ჩემი პრეზიდენტობის მთავარ მიზნად ვაქციე. ამ ზაფხულს უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა თუ არა პრეზიდენტის მეორე ვადით დარჩენისთვის ბრძოლა. ეს რთული გადაწყვეტილება გახლდათ. პრეზიდენტად ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო და კიდევ ბევრი რამის გაკეთების სურვილი მაქვს, მაგრამ რამდენადაც ჩემი სამუშაო მიყვარს, იმდენად უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს. 50-წლიანი საჯარო სამსახურის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დროა ჩემი ერი ახალი თაობის ლიდერებმა წაწიონ წინ. ლიდერებო, არასოდეს დავივიწყოთ, რომ ზოგიერთი საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა" , - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა გაეროს ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი დრო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე საუბარს დაუთმო და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მოგვიანებით კი, მსოფლიოს რიტორიკული შეკითხვით მიმართა: "ლიდერებო, მჯერა, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით მსოფლიო ისტორიის კიდევ ერთ გარდამტეხ ეტაპზე, როდესაც დღევანდელი არჩევანი ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. დავდგებით თუ არა იმ პრინციპების უკან, რომლებიც გვაერთიანებს? დავდგებით თუ არა მტკიცედ აგრესიის წინააღმდეგ?"
როგორც უკვე დაანონსებულია, 26 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებენ. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები დონალდ ტრამპთან ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაგეგმვასაც ცდილობდნენ, თუმცა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგება.
0 კომენტარი