აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, საგანგებო ბრიფინგზე Russia Today-სა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურს შორის არსებულ კოორდინირებულ მოქმედებაზე ისაუბრა, რომლითაც კრემლი, როგორც შეერთებულ შტატების, ისე სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მისი განცხადებით, RT "რუსეთის დაზვერვის აპარატის დე ფაქტო ფრთაა" და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი იმ გამოცემების ქსელის ნაწილია, რომელიც აშშ-ს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ფარულად ცდილობს. კერძოდ, პირველმა ამერიკელმა დიპლომატმა რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება დაადანაშაულა თანხის შეგროვებაში, რომლითაც გამოცემამ უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის ჯავშანტექნიკა, სნაიპერული შაშხანები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ RT-ი რუსულ დაზვერვასთან ერთად, ასევე ცდილობს, მოლდოვის წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერიოს და შედეგებზე გავლენა მოახდინოს.
"RT-ის გაფართოებული ფარული შესაძლებლობები საშუალებას აძლევს გააღრმავოს კოორდინაცია ტრადიციულ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების მანიპულირებაზე არამხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში, RT და მისი თანამშრომლები პირდაპირ კოორდინაციაში იმყოფებოდნენ კრემლთან, რათა მხარი დაუჭირონ რუსეთის მთავრობის ძალისხმევას გავლენა მოახდინონ მოლდოვას არჩევნებზე, მათ შორის 2024 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. RT-ის ხელმძღვანელობამ გამოიყენა რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული მედია პლატფორმები მოლდოვაში არეულობის გასაღვივებლად, სავარაუდოდ, პროტესტის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაქცევის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ RT-ი დიდი ალბათობით გამოიყენებს თავის გაფართოებულ ფარულ შესაძლებლობებს რუსულ დაზვერვასთან, რათა მოლდოვას მომავალი არჩევნების შედეგებით მანიპულირებას შეეცადოს", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სამ სუბიექტსა და ორ ფიზიკურ პირს "რუსეთის ფარული გლობალური გავლების ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, მოლდოვას დემოკრატიულ პროცესებში ჩარევისთვის".
"ქმედებები, რომლებსაც დღეს ვამხელთ და ქმედებები, რომლებიც გასულ კვირას გამოვავლინეთ, არ მოიცავს რუსეთის ძალისხმევის სრულ სპექტრს დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიზნით. რუსული დეზინფორმაცია თავისუფალი და ღია საზოგადოებების შესასტუებლად და პოლარიზაციისთვის გასაღვივებლად მოქმედებეს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამის საპასუხოდ, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კანადა იწყებენ ერთობლივ დიპლომატიურ კამპანიას მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაერთიანებლად ერთი მიზნის გარშემო - შემოგვიერთდნენ RT-ისა და რუსული დეზინფორმაციის, ასევე ფარული გავლენის სხვა მექანიზმების გამოსავლენად. სადაზვერვო დიპლომატია ჩვენი ადმინისტრაციის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. მე დავავალე აშშ-ის დიპლომატებს მთელს მსოფლიოში, ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გაეზიარებინათ სხვა ქვეყნებისთვის", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში მოხვდა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილე, ელიზავეტა ბროდსკაია და სხვა აღმასრულებელი პირები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მ სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ Россия сегодня-ს და მის ხუთ შვილობის მედიაკომპანიას: RIA Novosti-ს, RT-ს, TV-Novosti-ს, Ruptly-ს და Sputnik-ს.
0 კომენტარი