შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" ისაუბრეს. მოსმენაზე, სახელწოდებით, "არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები", ჰონგ-კონგის, ჩინეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მტრულად განწყობილ კანონებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს. საქართველოდან მომხსენებელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გახლდათ. მან აღნიშნული კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველმა ძალამ ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯი. 

"აქ ვარ იმისთვის, რათა გაგიზიაროთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის ჩვენებური პერსპექტივა და ჩემი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის პირადი გამოცდილება. არასამთავრობოების წინააღმდეგ მიმართული კანონების წარდგენის შემთხვევებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმატა. თავდაპირველად ეს კანონი პუტინის რეჟიმმა რუსეთში მიიღო. შესაბამისად, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონები ინიცირდება, ეს ავტოკრატიულ რეჟიმებს აძლიერებს, დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდასა და ხელს უშლის აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობას. ორი რამ არის ასეთ დროს მნიშვნელოვანი: მოქალაქეთა პროტესტი, რომლებმაც აირჩიეს თავისუფლება და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მუდმივი მხარდაჭერა", - განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე ეკა გიგაურმა.

საკმაოდ მწვავე შეფასებები ისმოდა საქართველოში არსებულ დინამიკაზე თავად ამერიკელი კანონმდებლებისგან. სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს კარგად იცნობს და პოლიტიკურ ცხოვრებასაც წლებია აკვირდება, დაინტერესდა, "რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ?"

"საქართველოში 4 მლნ-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს... რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ? ბალტიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, იქაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მათ არაფერი სურთ რუსეთთან, არცერთი ფორმით. მეორე მხრივ კი გვაქვს საქართველო, სადაც რუსეთი შეიჭრა,  ორი რეგიონი წაართვა და ახლაც ოკუპირებული აქვს. რა მიზეზით შეიძლება გყავდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობა ისეთი ადამიანების, რომელთაც კომუნისტური და სოციალური ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება სურთ?" - ჰკითხა სენატორმა ეკა გიგაურს, რომელმაც განაცხადა, რომ "საქართველოში უმრავლესობა, დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის მიუხედავად, მხარს უჭერს დასავლურ კურსს". 

"იმედს მაძლევთ, როცა მეუბნებით, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვონ თავიანთი მომავლის კონტროლი", - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა. 

საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკმაოდ მწვავე შეფასებებით გამოირჩეოდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინიც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" სახელწოდებით მიღებული დოკუმენტი "რუსული კანონის შესაბამისადაა მოდელირებული". 

“უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ ასეთ კანონებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს. ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთადმდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის. გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს [კანონი] საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული [ორგანიზაციები] და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა. მმართველ "ქართული ოცნების" პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად. კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან", - აღნიშნა სენატორმა კარდინმა. 

მოსმენაზე ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, როდესაც ამერიკელებისგან სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სენატორის ამ განცხადებას "წმინდა წყლის ტყუილი" უწოდა.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *