აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე, თეთრ სახლში შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Globalnews.ge -სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოს შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (ODIHR/OSCE) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს. მისი განცხადებით, "რეგიონში არსებობენ აქტორები, რომელთაც სურთ ნახონ, როგორ გადის საქართველო ავტორიტარულ გზას და შორდება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს".
"აბსოლუტურად თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი თავად ქართველ ხალხს აქვს. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან ეუთო/ოდირის შესახებ მსგავსი კომენტარები საკმაოდ არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია. თავად რუსეთია იმ ეუთო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, რატომღაც არადემოკრატიული სადამკვირებლო მისიაა. გავიმეორებ, ეს გახლავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში არსებობენ აქტორები, რომელთაც სურთ ნახონ, როგორ გადის საქართველო ავტორიტარულ გზას და შორდება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რომელიც თავად ვნახე, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, შესაბამისად, ამომრჩევლებს საკმაოდ ცხადი არჩევანი აქვთ - სურთ თუ არა ამ მისწრაფებების განხორციელება", - აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა მსგავსი განცხადებები ღია სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთი ცდილობს "ქართულ ოცნებას", ასე ვთქვათ, ზურგი გაუმაგროს, მაიკლ კარპენტერი პასუხობს, რომ "რუსეთს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამოყენების ისტორია აქვს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში".
"არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ რუსეთს აქვს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამოყენების ისტორია როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვინახავს მათი ავთვისებიანი გავლენა არაერთ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ ახალი ამაში არაფერია, თუმცა საქართველოსთვის საგანგაშოა", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა Globalnews.ge -სთან ინტერვიუში.
0 კომენტარი