ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს გაიამართება, რაც ამერიკულ საზოგადოებაში საარჩევნო წლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად უკვე შეფასდა. ამერიკული მედია ასევე წერს, რომ ეს საარჩევნო კანდიდატებს შორის, შესაძლოა პირველი და ერთადერთი სატელევიზიო დებატები იყოს.
კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ ფილადელფიაში შეხვდებიან, სადაც დებატებს ABC News-ი მასპინძლობს, მოდერატორობას კი, დევიდ მიური და ლინსი დევისი გაუწევენ.
ამერიკულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი კამალა ჰარისის დებიუტისკენაა მიმართული, რადგან ის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, საკუთარ თავს ყველაზე დიდ აუდიტორიას პირველად წარუდგენს. აუდიტორიას, რომელიც ცდილობს გაიგოს უფრო მეტი, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება კამალა ჰარისი. აღსანიშნავია, რომ მან უკვე მოახერხა იმ პოლიტიკური სხვაობის მნიშვნელოვნად დაფარვა, რაც ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატების შემდეგ ორი პარტიის სარეიტინგო მაჩვენებლებს შორის გაჩნდა.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კანდიდატებს სამშაბათს განსხვავებული ამოცანები ექნებათ. კერძოდ, კამალა ჰარისისგან მისი მხარდამჭერები ელოდებიან, რომ ის კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს რამდენად არათანმიმდევრულია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკა და დაპირებები. დონალდ ტრამპის მომხრეები კი ელოდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი ისევ იმ სამ მთავარ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, სადაც ფიქრობენ, რომ ის ლიდერობს: ეკონომიკა, მიგრანტების საკითხი და გლობალური ქაოსი.
იმის გამო, რომ კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სხვა დებატები დაგეგმილი არ გახლავთ, ამერიკული მედია ამბობს, რომ სამშაბათს ქვეყანა თვალს მიადევნებს თაობების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 90 წუთიან სატელევიზიო ეთერს.
0 კომენტარი