აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოში არსებული პოლიტიკური დინამიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების კომენტარები "არსებული მთავრობა არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს ევროპისკენ წაყვანა შეუძლია".
"[პარტიების აკრძალვა] არ ჟღერს როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს მასთან კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ვფიქრობ, ეს ძალიან მამხილებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც საქართველოს ევროპისკენ წაყვანა შეუძლია", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატების სურვილია, "ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, იმისთვის რომ ეს მოხდეს საჭიროა ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობდეს".
"ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროებისა და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია", - თქვა მან.
ჯეიმს ობრაიენმა რუსულ კანონზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ "ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია". მისივე თქმით, "არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ - ეს კანონი ამას არ აკეთებს და საუბრობს იძულებაზე".
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევრაზიის საკითხებში საქართველოს მთავრობისთვის შეწყვეტილი დახმარების შეფასებისას ამბობს, რომ ქართული ოფიციალური მხარე არსებით რეალობას "უარყოფს და მას არ აღიარებს".
"საქართველოს ხელისუფლებას არ შეუმჩნევია, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და ქართული ოცნება ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი... შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს. ევროკავშირმა თქვა, რომ [ბლოკში] ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, და დახმარების ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩერა საქართველოს იმის გამო, თუ როგორია ეს კანონი. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე ვნახეთ. როცა სამოქალაქო ჯგუფებსა თუ პირებს, ვისი სახელებიც ნახსენები იყო, სტუმრობდნენ ხშირად მოძალადე ჯგუფები რუსული აქცენტით, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. ასეთ პროცესებს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", - ამბობს ჯეიმს ობრაიენი. მან ასევე დასძინა, რომ "ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს".
"ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით თუ მის გარეთ – ესაა მთლიანი მიზანი", - დასძინა მან და აღნიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები "გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს არ იჩევს". მისივე თქმით, "უცნაურია, რომ "ქართული ოცნება" კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ - ეს სასაცილო კომენტარია".
სახელმწიფო მდივნის თანაშეწმემ ისაუბრა იმ შეზღუდვებსა და ზომებზეც, რაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობის საპასუხოდ მიიღო.
"მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკაში, რაც ათობით ადამიანს შეეხო, არ გვაქვს უფლება ვთქვათ, ვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ – კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია", - განაცხადა ჯეიმ ობრაიენმა.
0 კომენტარი