აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ MEGOBARI ACT-ის კონგრესის ქვედა პალატაში კენჭისყრას მოუთმენლად ელოდებიან. 

"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მაშინ, როცა ისინი განაგრძობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების შესრულებაზე მუშაობას. MEGOBARI ACT-ი შექმნილია იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გადამწყვეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს ქვეყნის ისტორიაში ამ გარდამტეხ მომენტში. მოუთმენლად ველოდებით როდის გავა ის კონგრესში", – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. 

როგორც იცით, "მეგობარი აქტი" რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მომზადებული კანონპროექტია და მას კონგრესის ქვედა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. დოკუმენტის განხილვის ფარგლებში პირველი მოსმენა უკვე გაიმართა. კონგრესის ზედა პალატაში, სენატორ ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ დაინიცირებული კიდევ ერთი კანონპროექტია განხილვაში, სახელწოდებით "ქართველი ხალხის აქტი", რომელიც "მეგობარი აქტის" მსგავსად, ქართველი მაღალჩინოსნების დასაქნცირებასა და ქართველი ხალხის მეტ მხარდაჭერას მოიაზრებს. 

საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ 12 სექტემბერს სენატში "ანტი არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტების" შესახებ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე, რომელშიც მონაწილეობას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიღებს. მასთან ერთად, კონგრესის ზედა პალატაში, ამერიკელი კანონმდებლები არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს და Freedom House-ის ჩინეთის, ჰონგ კონგისა და ტაივანის კვლევის დირექტორებს მოუსმენენ. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *