საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი, National journal-თან ინტერვიუში აფასებს და აღნიშნავს, რომ "საქართველოში დემოკრატიული გზიდან გადახვევა თვალსაჩინოა" და რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიად გადაქცევაზე ღიად საუბრობს.
"სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ, დემოკრატიული გზიდან გადახვევაა, თანაც ისეთი გზებით, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის სურვილებს არ შეესაბამება. ჩემი აზრით, რთული წარმოსადგენია, როგორ დარჩება საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად, თუ არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად და თავისუფლად", - აღნიშნა სენატორმა და თბილისში მისი ვიზიტის შემდეგ, პროცესების კიდევ უფრო გამწვავებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ მთავრობა ოპოზიციური პარტიების დაშლაზე საუბრობს. ისინი ფაქტობრივად, ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია", - ამბობს სენატორი შაჰინი. მან რუსული კანონის მიღების მიზნებსა და ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ მოვუსმინეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ამ ვიზიტის დროს კიდევ შევხვდით რამდენიმე მათგანს, მათ შორის იმათ, ვინც ჩართულია არჩევნების მონიტორინგში და ზრუნავს საქართველოში ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე. რაც ამ ჯგუფებისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი ქვეყნის შიგნით მუშაობას ვეღად შეძლებენ. ეს კანონი რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის ანარეკლია, რომელმაც რუსეთიდან სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა იგივე ხდება საქართველოშიც. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს, ამიტომ მან [ევროკავშირმა] საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურასთან დაკავშირებით რეალური წითელი დროშები აღმართა"- ამბობს ინტერვიუში სენატორი ჯინ შაჰინი.
ამერიკელმა კანონმდებელმა, რომელიც კარგად იცნობის ქართულ პოლიტიკურ დინამიკას და მრავალი წელია საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკის შეფასების პროცესშია და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სამომავლო თანამშრომლობის საკითხის გადაჭრაც:
"ახლა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი პოლიტიკის შეფასება და ამ შეფასებაზეა დამოკიდებული დაფინანსების აღდგენაც. ჩვენ ასევე შევაჩერეთ ჩვენი სამხედრო წვრთნები, რასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ შეშფოთება [საქართველოს] თავდაცვის მინისტრისგან. თუმცა, როგორც ვუთხარით თავდაცვის მინისტრსაც და პრემიერმინისტრსაც, ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ ჯარების შემოყვანა და სამხედრო წვრთნები იმ მთავრობასთან, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობას აბრალებს. თქვენ გაქვთ ეს შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს ამ შეთქმულების თეორიას", - ამბობს სენატორი National journal-თან საუბრისას.
0 კომენტარი