აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციებს აწესებს რუსული მედიასაშუალებების "როსია სევოდნიასა" და მისი შვილობილი კომპანიების - "რია ნოვოსტის", RT-ს, Ruptly-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ. აღნიშნული მედიასაშუალებები შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობასა და საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩევლებში ნდობის შერყევაში არიან მხილებულნი. სავიზო სანქციები დაუწესდათ RT-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს, ასევე მის მოადგილეებს ელიზავეტა ბროდსკაიას, ანდრეი კიაშკოსა და ანტონ ანისიმოვს, RT-ის ციფრული პროექტების მენეჯერ კონსტანტინ კალაშნიკოვს და მედიაპროექტების დეპარტამენტის თანამშრომელს ელენა აფანასიევას.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებითვე, კალაშნიკოვსა და აფანასიევას უცხოური აგენტების შესახებ კანონის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებიც წარედგინათ. უწყება ირწმუნება, რომ RT-ის თანამშრომლებმა რუსული გზავნილების გასავრცელებელი ვიდეობის გამოქვეყნებისთვის თითქმის 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.
სანქციები დაუწესდათ კრემლის მომხრე ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-სა და მის ხელმძღვანელს, ფსბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსეი გერაშჩენკოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს აწესებს. განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც აქვეყნებს.
"აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება RT-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია RaHDit-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება". - წერია საელჩოს განცხადებაში.
0 კომენტარი