3 სექტემბერს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს აშფოთებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის აღსრულება "იმ ორგანიზაციების, მათ შორის კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ".
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სვლას ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ქართველ ხალხს, როგორც ვიცით, უზომოდ სურს".
"საქართველოს მთავრობა ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
რაც შეეხება შეკითხვის იმ ნაწილის, რომელიც აშშ-ის რეაგირებას ეხებოდა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მიერ ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის საკითხზე, ათობით ქართველისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე 95 მლნ აშშ დოლარის დახმარების შეჩერებაზე.
"ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა", - თქვა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გადახედვის პროცესი გრძელდება" და რომ ის "არ გამორიცხავს შემდგომ ქმედებებს".
შეგახსენებთ, რომ "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, იუსტიციის სამინისტროში 476-მა ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც მთლიანი რაოდენობის 2%-ზე ნაკლებია. 3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება იძულებით დაარეგისტრიროს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ჯარიმები დააკისროს მათ და ამ ორგანიზაციების საქმიანობის ე.წ. მონიტორინგი განახორციელოს.
0 კომენტარი