აშშ-ი ახლოს არის შეთანხმებასთან, რომ უკრაინას შორი მანძილის საკრუიზო რაკეტები გადასცეს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიღწევის შესაძლებლობები გააჩნია. "კიევს აღნიშნული შეიარაღების მისაღებად რამდენიმეთვიანი ლოდინი დასჭირდება, რადგან შეერთებული შტატები, ნებისმიერი გადაზიდვის წინ, ტექნიკურ საკითხებზე მუშაობს", - ამბობენ ამერიკელი სამხედროები.
სამი წყარო ადასტურებს, რომ შეიარაღების პაკეტში ერთობლივი საჰაერო-ზედაპირული რაკეტების (JASSM) დამატება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ოფიციალურად გამოცხადდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
"უკრაინაში JASSM-ების გაგზავნამ, შესაძლოა, კონფლიქტის სტრატეგიული ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს", - ამბობენ ამერიკელი სამხედროები. მათი თქმით, JASSM-ების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის ამჟამინდელ ინვენტარში არსებულ სხვა რაკეტებს, რადგან მათ უფრო შორს დარტყმის რესურსი გააჩნიათ, ეს კი, რუსულ სამხედრო ძალას ასობით კილომეტრით უკან დაახევინებს. ამასთან, გაართულებს რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა, უკრაინას კი, პოტენციურად სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს.
გასულ თვეში გამოცემა Politico იტყობინებოდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია "ღია" იყო უკრაინისთვის JASSM-ების გადაცემის საკითხის განხილვაზე.
ძველი მოდელის JASSM-ებს, რომლებიც Lockheed Martin Corp-ის (LMT.N) მიერ არის დამზადებული, 230 მილის (370 კმ) დაფარვის შესაძლებლობა გააჩნიათ. რაკეტების სიგრძე, დაახლოებით, 4 მეტრია და ისეა შექმნილი, რომ რადარზე მისი დანახვა რთულია. რაკეტებს ასევე შეუძლიათ მიწასთან ახლოს ფრენა, მეტიც, როგორც ამერიკელი სამხედროები აღწერენ, მათი დაპროგრამება წრიული მარშრუტების გასავლელადაცაა შესაძლებელი, რაც საჰაერო თავდაცვის თავიდან აცილებისთვისაა აუცილებელი.
ასევე არსებობს კიდევ ერთი ტიპის JASSM რაკეტა, რომელსაც 500 მილზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელი ტიპის JASSM-ის რაკეტის გადაცემა განიხილება უკრაინისთვის.
ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინისთვის JASSM-ების გადაცემა ვაშინგტონზე ზეწოლას იმ კუთხითაც გაზრდის, რომ ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა მოხსნას. შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ არ სურს უკრაინისთვის ისეთი იარაღის მიწოდება, რომლის სამიზნეც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული ობიექტები გახდნენ, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ზრდის.
უკრაინისთვის კი, ისევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი და უფრო მძლავრი იარაღის მიწოდება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აღმოსავლეთ ფრონტზე ინტენსიურ ზეწოლას განაგრძობს.
0 კომენტარი