მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის მონაწილეობით (EPRC), თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელშიც ყოფილი თუ მოქმედი მაღალი დონის დიპლომატები მონაწილეობენ. მთავარი განხილვის საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობაა, რაც ბოლო თვეებია დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული შეშფოთების საკითხი გახდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და ამჟამად, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარის, დენიელ ფრიდის განცხადებით, "შეერთებული შტატები აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს და მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება მის შედეგებზე დაყრდნობით".
"აშშ და ევროპას არ შეუძლია უთხრან საქართველოს რა უნდა გააკეთოს, ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია. ხშირად ჩნდება სანქციებთან დაკავშირებული საკითხი. სამწუხაროა იმაზე ფიქრი, რომ მრავალწლიანი დახმარების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოზე სანქციების დაწესდეს. აშშ-ი აკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს ან წააგოს, ასევე შეიძლება ითაღლითოს. აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება ამ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. საუკეთესო გამოსავალი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არავის უნდა სანქციების გზით სიარული, მაგრამ თუ საჭირო გახდება, აშშ-სა და ევროპას აქვთ საამისო ინსტრუმენტები. იმედი მაქვს, საჭირო არ გახდება. ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამისი საჭიროება არ დადგება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებებითა და განცხადებებით ჩანს განზრახვა, რომ საკითხები კონფრონტაციამდე მიიყვანოს. მესმის, რომ ზოგი ქართველი ფიქრობს, აშშ-მა უნდა იმოქმედოს ახლავე და არჩევნებამდე გააფრთხილოს საქართველოს მთავრობა, არ ითაღლითოს. რამდენადაც მესმის, ბაიდენის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობენ, რისი გაკეთება შეუძლიათ. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდეც კი", - თქვა დენიელ ფრიდმა.
ის "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკასაც გამოეხმაურა, მათ შორის, მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ დასავლეთში ე.წ. გლობალური ომის პარტია მოქმედებს, რომელსაც ქვეყანაში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს.
"აშშ უშვებს შეცდომებს, ყოველთვის, მაგრამ ჩვენ არ შევჭრილვართ საქართველოში, არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი ქართული პროდუქტებისთვის, არ ვახდენთ საქართველოს ნაწილის ოკუპირებას, არ დაგვიბომბავს გორი. რუსეთმა გააკეთა ეს ყველაფერი და ქართველებს არ სჭირდებათ, რომ ეს მათ რომელიმე ამერიკელმა უთხრას. ასე რომ, რომელი ქვეყანა ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს - რომელიც დაეხმარა მას და სურს მისი დახმარება თუ რომელიც შეიჭრა საქართველოში? "ქართული ოცნება" ლაპარაკობს ომის პარტიაზე, მაგრამ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? არა შეერთებულმა შტატებმა, ვინ დაიწყო რუსეთ- უკრაინის ომი? - უკრაინა არ დასხმია რუსეთს თავს პირველი, არ უცდია მისი ტერიტორიების ანექსია. ასე რომ, ომის პარტია არის პუტინი. ის ომს საკუთარი იმპერიის აღდგენის გზად ხედავს. ქართველები ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავენ. კარგი აზრია, მაგრამ საქართველოსა და მისი დემოკრატიის დასუსტება მას არ მოუტანს ევროპულ მომავალს, არამედ მომავალს კრემლის დაქვემდებარებაში",- აღნიშნა დენიელ ფრიდმა.
ამერიკელმა დიპლომატმა "უცხოური აგენტების" კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია და ვერც ვერავინ აუხსნა, "როგორ დაეხმარება ეს კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას".
"საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ქვეყნის ცოცხალ დემოკრატიაზე, ქართველი ხალხის სიძლიერე უნარჩუნებს ქვეყანას დამოუკიდებლობას. რუსეთს აქვს სურვილი აწარმოოს ომები, რათა აღადგინოს იმპერია. რატომ არის საქართველოს ინტერესში პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმა და მათი კანონგარეშე გამოცხადება?! ეს არის ის, რაც არ მესმის და არ ყოფილა ახსნილი. "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო თავისუფლად და სამართლიანად, მათ დაამარცხეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და არ დასჭირვებიათ "უცხოური აგენტების" კანონი ან რომელიმე პარტიის უკანონოდ გამოცხადება გასამარჯვებლად. თუ სამართლიანად მოიგებენ - კარგი, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებენ, "უცხოური აგენტების" კანონი უბრალოდ ჰგავს მოტყუების გზას. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მიიღებს. საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ იფიქრონ საქართველოზე, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის მმართველობას ექვემდებარება", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშეწმემ თბილისში გამართული კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
საკმაოდ მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. მისი განცხადებით, "თითქოს საქართველოში სამყარო თავდაყირა დატრიალდა".
"თითქოს ვგრძნობ, რომ საქართველოში სამყარო თავდაყირა დატრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხდება ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად დამაბნეველია. დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამოწვევა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა მომენტი, როდესაც საქართველოს მთავრობას ყველა პირდაპირ დახმარებას შევუწყვეტდით, მაგრამ სწორედ აქ ვართ - ჩვენ შევუწყვიტეთ საქართველოს მთავრობას პირდაპირი დახმარება, გავაუქმეთ "ღირსეული პარტნიორის" პროგრამა", - აღნიშნა იან კელიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებს განაგრძობს.
0 კომენტარი