ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეორე ღონისძიებაზე, დელეგატებსა და მხარდამჭერებს შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიმართა და თქვა, რომ ქვეყანა "მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით".
"ამერიკა მზად არის ახალი თავისთვის. ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის და კამალა ჰარისი მზად არის ამ სამუშაოსთვის,"- აღნიშნა ბარაკ ობამამ და ისიც დასძინა, რომ საარჩევნოდ "დაძაბული რბოლა იქნება დაყოფილ ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ ამერიკელს არ სჯერა, რომ მთავრობას შეუძლია დაეხმაროს".
"ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ამ არჩევნების ბედს, მარტივ შეკითხვას სვამენ, ვინ იბრძოლებს ჩემთვის? ვინ იფიქრებს ჩემს მომავალზე? ჩემი შვილების მომავალზე? ერთი რამ ცხადია: დონალდ ტრამპი არ იტეხს ძილს ამ კითხვაზე. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დემოკრატიას შეუძლია რეალურად მიაღწიოს წარმატებას. კამალას ესმის ეს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ძალაუფლებას მხოლოდ მიზნების მიღწევის საშუალებად განიხილავს. მან მოკლა ორპარტიული საიმიგრაციო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაცვას, რადგან ფიქრობდა, რომ პრობლემის რეალურად გადაწყვეტის მცდელობა მის საარჩევნო კამპანიას დააზარალებს".
პრეიზდენტმა ობამამ რესპუბლიკელების კანდიდატს სახიფათო უწოდა, რადგან მისი განცხადებით, დონალდ ტრამპი "ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, რაც ამერიკისთვის საშიშია".
"არ გვჭირდება ტრაბახის, უუნარობისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი. ეს ფილმი ადრეც გვინახავს და ყველამ ვიცით, რომ გაგრძელება, როგორც წესი, უარესია", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მისივე განცხადებით, "დღეს შეერთებულ შტატებს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით იმ ადამიანზე ზრუნავს, რომლებიც ყოველდღე მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად იღვიძებენ - მოუარონ ჩვენს ავადმყოფებს, გაასუფთავონ ჩვენი ქუჩები და მიაწოდონ გზავნილები და დაადასტურონ თავიანთი უფლება უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაობი პირობების შესახებ".
პრეზიდენტ ობამას სიტყვებს, "კამალა ჰარისი იქნება ასეთი პრეზიდენტი, დიახ მას ეს შეუძლია", აუდიტორია ოვაციებითა და სკანდირებით შეხვდა, "დიახ, მას ეს შეუძლია!"
0 კომენტარი