აშშ-ში, დემოკრატიული პარტიის ყრილობა, ოფიციალურად, პრეზიდენტ ბაიდენის მიმართვით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აუდიტორია მას ტაშს ოთხი წუთის განმავლობაში უკრავდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკუთარ გამოსვლაში, რომ 2020 წლის არჩევნებზე, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის დასახელება, მისი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ.
"ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი შვილებისთვის შთაგონების წყარო იქნება. ის იქნება პრეზიდენტი, რომლის მსოფლიო ლიდერების პატივისცემას დაიმსახურებს, რადგან მას ის უკვე აქვს. ის იქნება პრეზიდენტი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ის იქნება ისტორიული პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს", - სწორედ ამ სიტყვებით დააახასიათა პრეზიდენტმა ბაიდენმა კამალა ჰარისი სიტყვით გამოსვლისას.
"თქვენს გამო - და მე არ ვაჭარბებ - თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრესის ოთხი წელი, რაც კი ოდესმე გვქონია. როდესაც მე ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ კამალასა და საკუთარ თავს", - დასძინა მან.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჩიკაგოში გამართული ყრილობის პირველ დღეს, ნათლად გამოჩნდა, რომ თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, პარტიაში, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ამჯერად დემოკრატიული პარტია სრულად გაერთიანდა კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის გარშემო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყრილობის მთავარი სცენიდან, საკმაოდ მწვავე და ხშირი კრიტიკა ისმოდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მისამართით. გამომსვლელები ხაზს უსვამდნენ დონალდ ტრამპის სამართლებრივ პრობლემებს და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის პოლიტიკურ მორალს. მთავარი გზავნილი ასეთი იყო - დონალდ ტრამპის პოლიტიკა სარგებელს მხოლოდ მდიდრებს მოუტანს, კამალა ჰარისი კი, უკეთესად მოემსახურება მშრომელი ხალხის ინტერესებს.
ყრილობის პირველ დღეს, დელეგატებს სიტყვით მიმართა 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმაც. მისი თქმით, 8 წლის წინ, მან ისტორია უკვე დაწერა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტიის მთავარ კანდიდატად დასახელდა. ახლა კი, მისივე თქმით, ყრილობაზე დაბრუნდა იმ მიზნით, რომ ამერიკელებს მოუწოდოს, "მინის ჭერი საბოლოოდ დაამსხვრიონ". მან მიმართვისას ასევე გაიხსენა შირლი ჩიშოლმი, პირველი ქალი, რომელმაც დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციაში იყარა კენჭი და ასევე, ჯერალდინ ფერარო, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა.
"ვისურვებდი, ახლა დედაჩემი და კამალას დედა გვიყურებდნენ. ისინი გვეტყოდნენ: "განაგრძე". შირლი და გერი იტყოდნენ: "განაგრძე", - ჰილარი კლინტონის ამ სიტყვებს დარბაზი ოვაციითა და სკანდირებით შეხვდა - "განაგრძე!"
აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტორიაში, კამალა ჰარისი გახლავთ პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც პოლიტიკური პარტიის მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. როგორც ამერიკული მედია და საექსპერტო წრეები აღნიშნავენ, მხოლოდ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, კამალა ჰატისმა უკვე მოახერხა დემოკრატიულ პარტიაში მხარდამჭერთა სრული მობილიზება და საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ენერგიის შეტანა, რის გამოც პარალელს პრეზიდენტ ობამას 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიასთან ავლებენ.
"ის არის კანდიდატი, რომელმაც პარტია ისე გააძლიერა, როგორც არასდროს, რა თქმა უნდა, 2008 წლის შემდეგ", - აღნიშნა ილინოისის გუბერნატორმა პრიცკერმა CNN-თან საუბრისას და დასძინა ისიც, რომ "მას ისეთი ენერგია, როგორც ჩიკაგოში ახლა იგრძნობა, ბარაკ ობამას შემდეგ, არასოდეს უგრძვნია".
0 კომენტარი