ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პარტია "ქართული ოცნება" ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს. ჰელსინკის კომისია საჯაროდ მიმართავს სახელმწიფო დეპარტამენტს "ქართული ოცნების" თაღლითური სქემა გამოიძიოს.
"ქართული ოცნება შავი ფულითა და ქოლცენტრების თაღლითური სქემით ცდილობს დააფინანსოს მისი ოპერაციები ოპოზიციის შესავიწროვებლად. სახელმწიფო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს, ვინ დგას ამ ქოლცენტრების უკან, რომლებიც აფინანსებენ ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს გახლავთ მეორე საჯარო განცხადება, რომელშიც ჰელსინკის კომისია საჯაროდ საუბრობს საქართველოს მმართველი პარტიის თაღლითურ საქმიანობასა და ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის გამოყენების შესახებ. 31 ივლისს, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ "ე.წ. ქოლცენტრები შავი ფულის წყაროა, რომელიც მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ბოროტ პატრონაჟულ სისტემას".
"მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ისა და მეგობრულ სამართალდამცავ სააგენტოებთან კოოპერაციით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედება ამ ქოლცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან შეაჩეროს მათი ოპერაციები", – ნათქვამია კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც მათ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ და მსოფლიო "ქოლცენტრების სქემის" წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდეს.
0 კომენტარი