აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, წერილი მისწერა. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პირველი პირი ოფიციალურ წერილში მიუთითებს, რომ იმედგაცრუებულია და საქართველოს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს ანტიდემოკრატიულად აფასებს. სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ მის წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„მინდა, ასევე, აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში.

პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ის საერთო ღირებულებები აერთიანებთ და 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები "ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს". 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *