რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რუსეთს კი, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.  

"დღეს, ომიდან 16 წლის თავზე, ჩვენ ვიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრას და იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო კამპანიისა და ოკუპაციის შედეგად დაიღუპნენ, დაშავდნენ ან იძულებით გადაადგილდნენ. დღემდე რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და იქაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, მათ შორის, აქვს პრეტენზია, რომ აფხაზეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწები საკუთარ ტერიტორიებს შეუერთოს თუ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ააშენოს. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტური პოზიციებიდან და დაუშვას შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ამ მოქმედებების შესრულება ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის მიერ სახლში მშვიდობიანად დაბრუნების წინაპირობა იქნებოდა.  ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ სწრაფვაში აშშ-ს მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ მტკიცეა", ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 150 ათას ადამიანს მიაღწია. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *