აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლზი დაასახელა.
ოფიციალური მიმართვა სოციალურ ქსელში კამალა ჰარისმა თავად გაავრცელა, სადაც ის ტიმ უოლზს ტელეფონით უკავშირდება და საარჩევნო კამპანიაში თანამოაზრედ ჩართვისკენ მოუწოდებს.
„მინდა ეს ჩემთან ერთად გააკეთო. მოდი, ეს ერთად გავაკეთოთ. იქნები ჩემი თანამოაზრე, რომ ეს გზა ერთად გავიაროთ?", - ეკითხება კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მინესოტას გუბერნატორს.
„ეს დიდი პატივია ჩემთვის, ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო. სიხარული, რომელიც თქვენ დააბრუნებთ ქვეყანაში, ენთუზიაზმი, რომელიც ახლა არსებობს, ჩემთვის პატივი და პრივილეგიაა ეს მთელ ქვეყანაში თქვენთან ერთად გავიზიარო", - პასუხობს ტიმ უოლზი.
60 წლის ტიმ უოლზი, მინესოტას გუბერნატორია, ამასთან, აშშ-ის ეროვნული გვარდიის არმიის ვეტერანი გახლდათ და კარიერის 24 წელი, სწორედ ამერიკული გვარდიის ფორმაში გაატარა. ის სამხედრო სამსახურიდან 2005 წელს გადადგა. ბოლო კვირების განმავლობაში ის კამალა ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის გახლდათ პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, ეს სიტყვა კი, მოგვიანებით კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ტიმ უოლზი პოპულარულია აშშ-ის არაურბანულ მცხოვრებლებში, სწორედ ეს გახდა მინესოტელი გუბერნატორის დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტად დასახელების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დიდი ნაწილი უოლზის არც კი იცნობს. დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა უკვე გამოუცხადეს კამალა ჰარისის კანდიდატს მხარდაჭერა. მათ შორის, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ტიმ უოლზის კანდიდატურას "შესანიშნავი არჩევანი" უწოდა.
კონგრესის ზედა პალატაში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა კი აღნიშნა, რომ "ტიმ უოლზი გახლდათ ჩემპიონი ყველა იმ საკითხებზე მუშაობისას, რაც მნიშვნელოვანია ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაში".
ისტორიულად, აშშ-ში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები დიდ გავლენას არ ახდენენ ამომრჩევლებზე, რადგან მათი მთავარი ფოკუსი სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატებისკენაა მიმართული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია, ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურების საკმაოდ აქტიური განხილვით გამოირჩევა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორი და Hillbilly Elegy-ის ავტორი 40 წლის ჯეი დი ვენსია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
0 კომენტარი