ვაშინგტონში, Carnegie Endowment-ის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე, ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იური კიმმა, საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ნარატივები მეორე ფრონტსა და "გლობალური ომის პარტიის" შესახებ, დეზინფორმაციის ნაწილია.
"როდესაც ირწმუნები, რომ აშშ-ის სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს ფეიკ ნიუსია! როდესაც ირწმუნები, რომ ამერიკელი ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რაღაცგვარადაა ჩართული საქართველოს მსგავსი მეგობრული ქვეყნის არჩეული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების საიდუმლო ოპერაციაში, ისევ, ეს ფეიკ ნიუსია. როდესაც ირწმუნები, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც სურს საქართველოს ზიანი მიაყენოს, ესეც ფეიკ ნიუსია. როდესაც ირწმუნები, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნების "ქართული ოცნების" ქმედებების კრიტიკის მიუხედავად, აშშ-თან ურთიერთობა ჯანსაღია, როგორც არასდროს, ეს ფეიკ ნიუსია", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მან ასევე დასძინა, რომ "შეუძლებელია ორი ურთიერთგამომრიცხავი გარემოების ერთდროულად არსებობა".
"ორივე ერთდროულად ვერ იქნება. ჯერ ვერ იტყვი, რომ შენს ხალხს წარმოადგენ და შენს მომავალს ევროპაში ხედავ და ასევე, შეერთებულ შტატებთან მტკიცე ურთიერთობის სურვილი გაქვს, შემდეგ კი იმოქმედი ისე, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმა მიგანიშნეს, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს უნდა. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული", - განაცხადა ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იური კიმმა.
0 კომენტარი