საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დაწყება, ოფიციალურად გამოაცხადა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო ოლქებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდებიან. 

"საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დამკვირვებლები საქართველოში იმუშავებენ", - განაცხადა სტივენ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. "ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მისიას, გააანალიზოს არჩევნებამდე არსებული კონტექსტი, რათა მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს", - დასძინა მან. 

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი მომენტია ქართული დემოკრატიისთვის". ამასთან, მასში მითითებულია, რომ "გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის აუცილებლობა, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, იმ ცხრა პირობას შორის იყო, რომელიც 2023 წლის ბოლოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში ჩამოყალიბდა".

"საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, უპირატესობა მიანიჭოს საარჩევნო გამჭვირვალობას, რათა უზრუნველყოს საქართველოში სანდო არჩევნების ადმინისტრირება ყოველგვარი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე. ეს არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის", - აღნიშნა სტივენ ნიქსმა, რომელიც თავადაც გეგმავს საარჩევნოდ საქართველოში ვიზიტს.

IRI-ის სადამკვირვებლო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად. დასკვნები და რეკომენდაციები ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსით აღებულ ვალდებულებებს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *