აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი 2024 წლის საარჩევნო რბოლას ეთიშება. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაქვეყნა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, დათმობაზე წავიდე და ვადის დასრულებამდე ვკონცენტრირდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებზე. ჩემთვის უდიდესი პატივია, როგორც პრეზიდენტი, თქვენს სამსახურში ვიყო", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერები, პრეზიდენტ ბაიდენს ღიად მოუწოდებდნენ, წინასაარჩევნოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მილუოკში ჩატარებული რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა. ამერიკული მედია წერს, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი ბაიდენი დათანხმდა პარტიის შიგნით არსებულ ზეწოლას, რადგან ბოლო დღეებში დემოკრატ კანონმდებლებსა და პარტიის დონორებში გახშირდა მოწოდებები მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. სენატორი ჯო მანჩინი (I-W.Va), რომელიც საკმაოდ გავლენიანი კანონმდებელია, გახლდათ ერთ-ერთი ბოლო დემოკრატი, რომელმაც ჯო ბაიდენს მოუწოდა, "ჩირაღდნები ახალ თაობას უნდა გადასცეს".
საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებიდან მალევე, პრეზიდენტმა ბაიდენმა საარჩევნო მარათონში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალას, რათა ის ჩვენი პარტიის კანდიდატი გახდეს. დროა, დემოკრატები გავერთიანდეთ და ტრამპი დავამარცხოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მოსალოდნელიც გახლდათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე აქტიურად ისმოდა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის კრიტიკაც. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერა არ გახლავთ საბოლოო ვერდიქტი, რადგან დემოკრატიულმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე უნდა გამოაცხადოს, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი.
0 კომენტარი