დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია. ამერიკული მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე „იდეოლოგიური და მებრძოლი რესპუბლიკელი“, რომელიც ტრამპს მუშათა კლასის (ე.წ. „ლურჯი საყელოები“ და „ჟანგიანი ქამრები“) წარმომადგენელი ამომრჩევლების მოზიდვაში დაეხმარება, თუმცა, ამავე დროს, აბორტის (და არა მხოლოდ) თაობაზე თავისი მოსაზრებების გამო, ალბათ საპირისპიროდ იმოქმედებს ზოგიერთ ზომიერ საშუალო კლასსა და ქალებზე.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ტრამპმა ფსონი დადო როგორც პოპულიზმზე, ასევე ამერიკელებისთვის დაპირებულ თაობრივ ცვლაზე, როდესაც 39 წლის ვენსი ფაქტობრივად თავის მემკვიდრედ დაასახელა. ეს არის კონტრასტი არა მხოლოდ ბაიდენთან, რომელიც 81 წლისაა (რაც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ სისუსტედ იქცა), არამედ კამალა ჰარისთანაც, რომელიც, მართალია, პოლიტიკოსის კვალობაზე საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატზე მთელი ათი წლით უფროსია.
თუმცა, ბოლო წლებში ვენსის მიერ გაკეთებული კომენტარები აუცილებლად იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ, რადგან დემოკრატები უკვე აქტიურად მუშაობენ ტრამპის ლიდერობის შესამცირებლად ე.წ. „მერყევ შტატებში“.
კერძოდ, ჯეიმს დევიდ ვენსმა გასულ წელს აბორტი მოიხსენია, როგორც „მკვლელობა“ და 2022 წლის სენატის არჩევნების დროს თქვა, რომ ხმას მისცემდა აბორტისთვის 15-კვირიანი ლიმიტის დაწესებას ეროვნული მასშტაბით. იმავე კამპანიის დროს ვენსმა ეჭვები გამოთქვა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევაში აბორტის დასაშვებობასთან დაკავშირებით და დადებით კონტექსტში ახსენა ტეხასში მოქმედი კანონი, რომელშიც ეს გამონაკლისები გათვალისწინებული არ არის.
„საქმე ის კი არ არის, უნდა ვაიძულოთ თუ არა ქალს, რომ ბავშვი გააჩინოს, არამედ აქვს თუ არა ბავშვს სიცოცხლის უფლება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი დაბადების გარემოებები პრობლემა საზოგადოებისთვის“, - თქვა მაშინ ვენსმა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს „გონივრულ გამონაკლისებს“.
ვენსი ასევე ჩართული იყო შარშან რესპუბლიკელების მიერ მართულ კამპანიაში ოჰაიოს საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა შტატში აბორტის უფლება.
მაგრამ აბორტი არ არის ერთადერთი საკითხი, რომლის გამოყენებასაც დემოკრატები ტრამპის კამპანიის წინააღმდეგ შეეცდებიან. ვენსი ასევე გააკრიტიკეს, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა განქორწინების საკითხი და თქვა, რომ „სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი დიდი მინუსი“ არის ის, რომ ძალადობრივ და უბედურ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ „საცვლებივით გამოიცვალონ მეუღლეები“ რათა ბედნიერება იპოვონ.
აშშ-ის მოქმედმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯეი დი ვენსი მუშათა კლასისთვის სავსებით მისაღები კანდიდატია, მაგრამ ის გაუზრდის გადასახადებს რიგით ამერიკელებს, მდიდრებს კი პირიქით, შეუმცირებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ვენსს „ტრამპის კლონი“ უწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
0 კომენტარი