პენსილვანიის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაშავდა, აშშ-ის საიდუმლო სამსახური კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან ბევრის აზრით, უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად იყო დაცული.
თავად ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საიდუმლო სამსახურს და სხვა სამართალდამცავებს „სწრაფი რეაგირებისთვის“, თუმცა კითხვები მაინც ჩნდება და ზოგიერთი ამას საიდუმლო სამსახურის „სრულ ფიასკოს“ უწოდებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა პირობა დადო, რომ პალატა სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ „ამერიკელი ხალხი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე“.
„ჩვენ დავიბარებთ საიდუმლო სამსახურის დირექტორ კიმბერლი ჩიტლს და სხვა შესაბამისი ოფიციალურ პირებს როგორც უშიშროებიდან, ასევე FBI-დან, რათა გამოცხადდნენ მოსმენაზე ჩვენი კომიტეტების წინაშე რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ჯონსონმა.
0 კომენტარი