„ძლიერი ნატო გადამწყვეტია აშშ-ისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიმდინარე სამდღიანი სამიტის დასრულებისას. „32-წევრიანი სამხედრო ბლოკი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო თავდაცვის ალიანსი მსოფლიოს ისტორიაში“, თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას თავისი გლობალური პარტნიორების მიმართ იმ ფონზე, როდესაც ევროპა განახლებული გამოწვევების წინაშე დგას. „მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ნატოს დრო გავიდა, ცივი შხაპი მიიღეს, როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში”, - თქვა ბაიდენმა სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ევროპის ზოგიერთი უძველესი, ღრმა შიში გაცოცხლდა, რადგან მსოფლიო ისევ შეშლილი მკვლელის წინაშე აღმოჩდა“.
”მაგრამ, ამჯერად არავინ დაკმაყოფილდა მოძალადის დაშოშმინებით, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები. გლობალური პარტნიორები გაერთიანდნენ რუსეთის ომის წინააღმდეგ და კვლავ დაამტკიცეს ალიანსების სიძლიერე. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ შეუცვლელი ერი ვართ. ჩვენს ხელმძღვანელობას აქვს მნიშვნელობა. ჩვენს პარტნიორობას აქვს მნიშვნელობა. ამ მომენტს აქვს მნიშვნელობა”, - განაცხადა ბაიდენმა.
თეთრი სახლის ლიდერის ეს სიტყვები ეხმიანება ნატოს ლიდერების გადაწყვეტილებას, წამოეყენებინათ მთელი რიგი ინიციატივები ალიანსის შემდგომი გაძლიერების მიზნით და გადაედგათ ნაბიჯები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისთვის.
წლევანდელი სამიტის შედეგები მოიცავს 32-ვე მოკავშირის დაპირებას, რომ გაზრდიან თავდაცვით წარმოებას და კოორდინირებულად იმოქმედებენ მოკავშირეებთან სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ ნატოს მოდერნიზებული სამეთაურო სტრუქტურის გაძლიერებაზე და ახალი თაობის თავდაცვის გეგმების პრაქტიკაში განხორციელებაზე. გეგმა, რომლებზეც შეთანხმდნენ გასული წლის სამიტზე ვილნიუსში, არის პირველი ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმა, რომელიც შეიმუშავა ალიანსმა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ლიდერებმა ასევე გამოაცხადეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერისთვუს, ისევე როგორც უკრაინის „გრძელვადიანი ხიდი“ ალიანსში გაწევრიანებამდე. სამშაბათს ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია და რუმინეთი უკრაინას გადასცემენ ხუთ დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რათა დაიცვან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალაქები და ჯარისკაცები. დღეს ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის ფარგლებში შეხვდა. ორმა ლიდერმა განიხილა უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და შეერთებული შტატების მცდელობები უკრაინის დამცველების მხარდასაჭერად.
მათი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა დააანონსა უსაფრთხოების დამატებითი დახმარება, რომლის ღირებულებაა $225 მილიონამდეა და უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ახალ პაკეტს სახელწოდებით - Ukraine Compact, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი ქვეყანა, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირთან ერთად, ხელმომწერებით ადასტურებს ერთგულებას უკრაინის გრძელვადიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.
0 კომენტარი