ვაშინგტონში გამართულ სამიტზე სამხედრო ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ფორმალური ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა სამხედრო ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი კიევისადმი მხარდაჭერა ურყევია.

ნატო-მ ასევე გამოაცხადა უკრაინის არმიასთან შემდგომი ინტეგრაცია და ალიანსის წევრებმა დაადასტურეს, რომ მომავალ წელს დახმარების სახით 40 მილიარდ ევროს გამოყოფენ, რაც, მათ შორის, მოიცავს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსა და საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ამერიკული F-16 თვითმფრინავები უკრაინაში გადაყვანის პროცესშია დანიიდან და ნიდერლანდებიდან და ისინი „უკრაინის ცაში უკვე მიმდინარე ზაფხულს იფრენენ“.

უკრაინაში მიმდინარე ომი ნატოს სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემაა და დეკლარაციაში, რომელიც ალიანსის ყველა წევრმა შეთანხმდა, ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ „რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხედ ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები, ცალკეული წევრების მხრიდან დახმარების ვალდებულებებთან ერთად, „ქმნის ხიდს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის“.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *